სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი
22.02.2017
  
 
  პროექტი
სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი
 
პრეამბულა
 
შემსყიდველი ორგანიზაციების უფლებამოსილი წარმომადგენლები, აცნობიერებენ რა სახელმწიფო შესყიდვების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში, აგრეთვე იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების მიზანს წარმოადგენს საბიუჯეტო  სახსრებისა და რესურსების რაციონალური ხარჯვა და მიმწოდებელთა შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა;
მიიჩნევენ რა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ბიზნეს სექტორის აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ვინაიდან ბიზნეს სექტორის შემოსავლების სტაბილური ზრდა, თავის მხრივ, დადებითად აისახება დასაქმებასა და სიღარიბის დაძლევაზე;
მხედველობაში იღებენ რა სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე სისტემის მეშვეობით შესყიდვების ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობას;
მიისწრაფვიან რა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დასაქმებულ პირთა ურთიერთთანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარებისაკენ;
გააზრებული აქვთ რა საზოგადოების წინაშე სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირების ნებისმიერი ქმედებისა და ამ პროცესში მათი კეთილსინდისიერი და სანიმუშო ქცევის განსაკუთრებული მნიშვნელობა;
ითვალისწინებენ რა, რომ ამ კოდექსით დეკლარირებული პრინციპების განუხრელმა დაცვამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის მხრიდან შემსყიდველი ორგანიზაციების პრესტიჟისა და ავტორიტეტის ამაღლებასა და მათდამი ნდობის განმტკიცებას;
იღებენ ვალდებულებას, რომ განუხრელად დაიცვან წინამდებარე კოდექსში ჩამოყალიბებული წესები და პრინციპები.
 
 
 
 
თავი I
ზოგადი დებულებანი
 
მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო
1. სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი (შემდგომ – კოდექსი) განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ, შემსყიდველ ორგანიზაციებში მომუშავე უფლებამოსილ პირთა (შემდგომ – უფლებამოსილი პირი) პროფესიულ-ეთიკურ პრინციპებსა და სტანდარტებს, რომელთა შესრულება და დაცვა ხელს შეუწყობს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.
2. ამ კოდექსით განსაზღვრული დებულებები, კერძოდ, მასში მოცემული პრინციპები, სტანდარტები და ქცევის წესები გათვალისწინებულ უნდა იქნეს უფლებამოსილი პირების მხრიდან, მათ მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში.
3. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ყველა უფლებამოსილ პირზე და მათ მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, ხოლო კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვასთან დაკავშირებული წესები კი, აგრეთვე უფლებამოსილ პირებზე, რომლებიც აღარ მუშაობენ შემსყიდველ ორგანიზაციაში.
4. კოდექსის დებულებები ასევე ვრცელდება უფლებამოსილი პირის ისეთ საქმიანობაზე, რომელიც წინამდებარე კოდექსით არ არის განსაზღვრული, თუმცა თავისთავად გამომდინარეობს ამ კოდექსის პრინციპებიდან და სულისკვეთებიდან.
 
 
მუხლი 2. კოდექსის მიზანი
ამ კოდექსის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას უფლებამოსილ პირთა საქმიანობაში პროფესიული ეთიკის ზოგადი პრინციპებისა და სტანდარტების დამკვიდრება, უფლებამოსილ პირთა მიერ პროფესიული ვალდებულებების, ასევე, პროფესიული ეთიკის ნორმების კეთილსინდისიერად და ეფექტიანად შესრულება, შემსყიდველი ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების მხრიდან ნდობის განმტკიცება.
 
 
მუხლი 3. კოდექსის მიმართება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო
პრაქტიკასთან
კოდექსი გამომდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სულისკვეთებიდან და ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
 
 
მუხლი 4. კოდექსში გამოყენებული ტერმინების განმარტება
ამ კოდექსის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერმინებს.
 
 
თავი II
უფლებამოსილ პირთა პროფესიული საქმიანობის პრინციპები
 
მუხლი 5. ეთიკის ძირითადი პრინციპები
პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაიცვას შემდეგი ძირითადი პრინციპები:
ა) პატიოსნება და ნდობა;
ბ) კანონმორჩილება;
გ) მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება;
დ) ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა;
ე) კონფიდენციალურობა;
ვ) გულისხმიერება და წინდახედულობა;
ზ) გამჭვირვალობა;
თ) ანგარიშვალდებულება;
ი) პროპორციულობა.  
 
 
მუხლი 6. პატიოსნებისა და ნდობის პრინციპი
1. უფლებამოსილი პირი კეთილსინდისიერად და პატიოსნად უნდა ასრულებდეს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს და აცნობიერებდეს საკუთარ პასუხისმგებლობას.
2. უფლებამოსილი პირი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში უნდა იწვევდეს ნდობას მესამე პირებში.
3. უფლებამოსილმა პირმა უნდა გაატაროს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი  ინტერესები და თავი უნდა აარიდოს ისეთ სიტუაციას, როდესაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტი მის პირად ინტერესებსა და შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს შორის.
4. იმისათვის, რომ დაცულ იქნეს პატიოსნებისა და ნდობის პრინციპი, უფლებამოსილმა პირმა:
ა) უნდა იმოქმედოს საქართველოს  კანონმდებლობისა და ამ კოდექსით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად;
ბ) ყოველდღიური საქმიანობა და ქცევა უნდა დააფუძნოს ისეთ თვისებებსა და ფასეულობებზე, როგორიცაა: წესიერება, უტყუარობა, სიზუსტე, მიუკერძოებლობა, კომპეტენტურობა, პროდუქტიულობა და კანონმორჩილება;
გ) არ უნდა იმოქმედოს პირადი გამორჩენის მიზნით;
დ) გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა დაუშვას მასზედ არამართლზომიერი  ზეწოლა (ჩარევა);
ე) ბოროტად არ უნდა გამოიყენოს სამსახურეობრივი უფლებამოსილება;
ვ) თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი პროფესიული საქმიანობის ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის დისკრედიტაცია;
ზ) უნდა იყოს საკუთარი საქმის ერთგული, თავისი მოვალეობების შესრულების დროს იმოქმედოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) ზუსტად უნდა აღრიცხოს და შეავსოს ყველა დოკუმენტი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას;
ი) საკუთარი კოლეგების მხრიდან არაეთიკური ქცევის შემთხვევაში უნდა იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კოდექსით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.  
 
 
მუხლი 7. კანონმორჩილების პრინციპი
1. უფლებამოსილი პირი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში უნდა ხელმძღვანელობდეს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესებითა და მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისას უნდა დაიცვას შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი წესები, ინსტრუქციები და მითითებები. ამავდროულად, არ უნდა დაუშვას საკუთარ საქმიანობაში რომელიმე სხვა ორგანიზაციის, სახელმწიფო უწყების ან სხვა დაინტერესებული მხარის/პირის არამართლზომიერი ჩარევა.
2. იმისათვის, რომ დაცულ იქნეს კანონმორჩილების პრინციპი, უფლებამოსილმა პირმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში:
ა) უნდა მიიღოს მართლზომიერი გადაწყვეტილება, თუნდაც იგი არ შედიოდეს შემსყიდველი ორგანიზაციის კონიუნქტურასა და ინტერესებში;
ბ)  პატივი უნდა სცეს და გაითავისოს მის პროფესიულ საქმიანობასა და შემსყიდველი ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონები, შესაბამისი წესები და ინსტრუქციები და სწორად განმარტოს და გამოიყენოს შესაბამისი ნორმები;
გ) უნდა შეძლოს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ეფექტიანად და ხელსაყრელად განხორციელება შესაბამისი ნორმების, წესებისა და ინსტრუქციების დაცვით;
დ) უარი უნდა თქვას ისეთ ქმედებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, ამ კოდექსით გათვალისწინებულ ეთიკურ პრინციპებსა და სტანდარტებს.
3. უფლებამოსილმა პირმა სათანადოდ უნდა განმარტოს და დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იმისათვის რათა დაინტერესებულ მხარეს არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები შესაბამისი გადაწყვეტილების მართლზომიერების თაობაზე.
 
 
მუხლი 8. მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების  პრინციპი
1. უფლებამოსილი პირი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში უნდა მოქმედებდეს ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით.
2. იმისათვის, რომ დაცულ იქნეს მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების პრინციპი, უფლებამოსილმა პირმა:
ა) არ უნდა დაუშვას ნებისმიერი პირადი თუ ორგანიზაციული ხასიათის დისკრიმინაცია;
ბ) უნდა გამოიყენოს ერთიანი სტანდარტები და პირობები მიმწოდებლების შეფასებისას (თანასწორი მოპყრობის პრინციპი);
გ) უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და უფლებამოსილება კანონით დადგენილ ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების დაცვისა და გატარების მიზნით;
დ) თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი დამოუკიდებლობა და ობიექტურობა;
ე)  ჯეროვნად და დათქმულ ვადაში უნდა შეასრულოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ყველა მოვალეობა;
ვ) არ უნდა მიიღოს ისეთი საჩუქარი, ჯილდო ან სარგებელი, რომელიც ეჭქვეშ დააყენებს მის მიუკერძოებლობასა და კეთილსინდისიერებას.
 
 
მუხლი 9. ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპი
1. უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაიცვას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი ან/და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ქცევის ზოგადი წესები.
2. უფლებამოსილმა პირმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში თავიდან უნდა  აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი, მისი არსებობის შემთხვევაში განაცხადოს ამის შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში.
3. უფლებამოსილმა პირმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში თავი უნდა აარიდოს ისეთ გარემოებებს ან უარი უნდა თქვას ისეთი სახის შეთავაზებაზე, რომელმაც შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი ან/და პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განხორციელებაზე. 
4. იმისათვის, რომ დაცულ იქნეს ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპი, უფლებამოსილმა პირმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში:
ა) დაუყოვნებლივ უნდა  განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
ბ) პირადი ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს პროფესიული საქმიანობის პროცესში მიღებული ინფორმაცია;
გ) უნდა გაასაჯაროოს კონკრეტულ მიმწოდებელთან მიმართებით ფინანსური ინტერესის არსებობის ფაქტი;
დ) არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ ისეთ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, რომელშიც ინტერესთა კონფლიქტი იარსებებს;
ე) არ უნდა გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება კერძო ინტერესების სასარგებლოდ.
5. უფლებამოსილ პირს არ აქვს უფლება, საკუთარი უფლებამოსილება ან  შესაძლებლობა გამოიყენოს  სხვა მიზნებისათვის ან ისეთი საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
6. უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს რაიმე პირადი ინტერესი კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვის მიმართ, ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება და შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.
7. უფლებამოსილმა პირმა არ უნდა მიიღოს ან/და მოითხოვოს  მატერიალური ან არამატერიალური სარგებელი (საჩუქარი, ჯილდო  და ა.შ.) ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან.
8. უფლებამოსილმა პირმა თავი უნდა აარიდოს ისეთ ურთიერთობებს, რომელიც ქმნის კორუფციული რისკების წარმოშობის საფუძვლებს.  
 
 
მუხლი 10. კონფიდენციალურობის პრინციპი
1. ინფორმაცია, რომელიც უფლებამოსილი პირისთვის ცნობილი გახდა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, კონფიდენციალურია.
2. უფლებამოსილმა პირმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე არ უნდა გაამჟღავნოს ან პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
3. იმისათვის, რომ დაცულ იქნეს კონფიდენციალურობის პრინციპი, უფლებამოსილი პირი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ვალდებულია:
ა) დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია იმგვარად, რომ არაუფლებამოსილ პირებს მასზე ხელი არ მიუწვდებოდეთ;
ბ) უზრუნველყოს პროფესიული საქმიანობის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის დაცვა;
გ) აცნობოს შესაბამის უწყებას/უფლებამოსილ პირს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელისშემშლელი გარემოების შესახებ;
დ) დაიცვას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.
 
 
მუხლი 11. გულისხმიერებისა და  წინდახედულობის პრინციპი
1. უფლებამოსილმა პირმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მისთვის დაკისრებული მოვალეობები უნდა შეასრულოს ზედმიწევნით, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სათანადო გულისხმიერებით, რა დროსაც უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და წინდახედულობა.
2. იმისათვის, რომ დაცულ იქნეს გულისხმიერებისა და წინდახედულობის  პრინციპი, უფლებამოსილი პირი  ვალდებულია:
ა) ზედმიწევნით შეამოწმოს მიმწოდებლის ყველა  მონაცემი;
ბ) მიუკერძოებლად და ობიექტურად განსაზღვროს შეფასების კრიტერიუმები;
გ) დაკვირვებით გაანალიზოს წარდგენილი სატენდერო დოკუმენტები და წინადადებები;
დ) ზერელედ არ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
 
 
მუხლი 12. გამჭვირვალობის პრინციპი
1. უფლებამოსილმა პირმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში უნდა დაიცვას გამჭვირვალობის პრინციპი, კერძოდ, მისი ნებისმიერი ქმედება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას უნდა იყოს გამჭვირვალე კანონით დადგენილ ფარგლებში.
2. უფლებამოსილმა პირმა უნდა უზრუნველყოს მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მიღებული ინფორმაციის ღიაობა და მიწოდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის კანონით დადგენილ ფარგლებსა და ვადებში.
3. უფლებამოსილი პირი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მზად უნდა იყოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ, კანონით დადგენილ ფარგლებში.
 
 
მუხლი 13. ანგარიშვალდებულების პრინციპი
1. უფლებამოსილი პირი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.
2. უფლებამოსილმა პირმა ამომწურავად უნდა განმარტოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მზად უნდა იყოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებისა და გარემოებების შესახებ.
3. უფლებამოსილი პირი მზად უნდა იყოს მისი ქცევისა და გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების მხრიდან განხორციელებული კონტროლისთვის.
 
 
მუხლი 14. პროპორციულობის პრინციპი
1. უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა ხელმძღვანელობდეს პროპორციულობის პრინციპის დაცვით და თანაბარზომიერად ითვალისწინებდეს საჯარო და კერძო ინტერესებს.  
2. საჯარო ინტერესების გათვალისწინებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს მიმწოდებლების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი და არათანაბარზომიერი შეზღუდვა.
 
 
მუხლი 15. პროფესიონალიზმი
1. უფლებამოსილმა პირმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მისთვის დაკისრებული მოვალეობა უნდა განახორციელოს მაღალ პროფესიულ დონეზე. ამისათვის, იგი უნდა ფლობდეს იმ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას, რომელიც საჭიროა სახელმწიფო შესყიდვების პროცესის კვალიფიციურად წარმართვისთვის.
2. უფლებამოსილი პირი  სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ვალდებულია:
ა) გამოიყენოს თავისი ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც სავალდებულოა სახელმწიფო შესყიდვების კვალიფიციურად განხორციელებისათვის;
ბ) არ შეასრულოს ისეთი სამუშაო, რაშიც მას არა აქვს სათანადო პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, შესაბამისი კონსულტაციის მიღებამდე;
გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა გამოიყენოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები და თავისი ცოდნა და გამოცდილება;
დ) თავი უნდა აარიდოს ისეთ საქციელს/ქმედებას, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს თავის პროფესიულ და შემსყიდველი ორგანიზაციის რეპუტაციას;
ე) მუდმივად ზრუნავდეს თავისი ცოდნის განახლებასა და გაღრმავებაზე, პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
 
 
თავი III
ურთიერთობის ეთიკა
 
მუხლი 16. ურთიერთობა სამუშაო ადგილზე და მესამე პირებთან
1. უფლებამოსილმა პირმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში უნდა იმოქმედოს კოლეგიურობის, პროფესიული სოლიდარობისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელი პრინციპებისა და ნორმების დაცვით.
2. უფლებამოსილი პირი თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უნდა იყოს თავაზიანი, როგორც კოლეგების, ასევე მესამე პირების მიმართ, თავი უნდა აარიდოს სამუშაო ადგილზე ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნას.
3. უფლებამოსილი პირი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია გაუწიოს პროფესიული და კვალიფიციური დახმარება იმ კოლეგებს, რომელთაც ეს ესაჭიროებათ.
4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია გააცნოს ეს კოდექსი მესამე პირს, რომელიც რაიმე სტატუსით მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში. მესამე პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს, რომ გაეცნო ამ კოდექსის შინაარსს.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ითანამშრომლოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, ეთიკის საკითხების კონტროლისა და ხელშეწყობისთვის.