სიხლეები   ხელშეკრულების ელექტრონულად გაფორმებისას ხელშეკრულების დადების თარიღის განსაზღვრა
24.04.2019
  
 
როგორც ცნობილია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები (შემდგომ – ხელშეკრულება) გააფორმონ ან ელექტრონულად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის (შემდგომ – ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი) გამოყენებით, ან მატერიალურად. როგორც წესი, ხელშეკრულების მატერიალურად გაფორმებისას დოკუმენტს ახლავს ხელმოწერის თარიღი (ხელშეკრულების მატერიალურად გაფორმების შემთხვევასი, როგორც წესი, იგი მითითებულია ხელშეკრულების ზედა მარჯვენა კუთხეში), რის დატანაც ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენებისას იწვევს პრაქტიკულ პრობლემებს, თუ მხარეები სხვადასხვა თარიღში ამოწმებენ/ადასტურებენ ხელშეკრულებას ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ხელშეკრულების დადების თარიღად მითითებული იყოს, მაგალითად, 1 იანვარი, თუმცა მხარეებმა ხელშეკრულება დაამოწმონ/დაადასტურონ 5 იანვარს. შედეგად, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება 5 იანვარს და, შესაბამისად, 1 იანვრის არსებობა არასწორი მონაცემი ხდება.
 
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოთ დასახელებული უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებლებს მიმართავს რეკომენდაციით, ხელშეკრულების ელექტრონულად დადების შემთხვევაში აღარ მიუთითონ მასში ხელშეკრულების დადების თარიღი. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება იმ თარიღში, როდესაც მეორე მხარე დაამოწმებს/დაადასტურებს მას ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით (მაგალითად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულება დაამოწმა/დაადასტურა 5 იანვარს, ხოლო მიმწოდებელმა – 6 იანვარს. ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება 6 იანვარს).
 
რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ხორციელდება უწყვეტი მომსახურება და მხარეები ობიექტურად ვერ შეძლებენ ხელშეკრულების კონკრეტული თარიღის დადგომამდე გაფორმებას, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების ტექსტში შესაძლებელია მისი ძალაში შესვლის თარიღის მითითება. მაგალითად, მხარეებმა ხელშეკრულება დაამოწმეს/დაადასტურეს 5 იანვარს, თუმცა ხელშეკრულებაში არსებობს დათქმა, რომ ხელშეკრულება ძალაშია 1 იანვრიდან (ან ხელშეკრულება გავრცელდეს მხარეთა შორის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) და ამავე თარიღიდან ხორციელდება უწყვეტი მომსახურება).
 
ზემოთ მითითებული რეკომენდაცია აგრეთვე ვრცელდება მიღება-ჩაბარების აქტებზეც.