სიხლეები   ​შეხვედრა საინჟინრო მომსახურების ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებთან
31.08.2016
  
 
შეხვედრა საინჟინრო მომსახურების ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებთან

2016 წლის 31 აგვისტოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის რიგით მეცხრე შეხვედრა ბიზნესმენებთან - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე საინჟინრო მომსახურების ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.
როგორც ლევან რაზმაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მოისმინეს ის პრობლემები, რაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე საინჟინრო მომსახურების ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებს აწუხებთ.
„ჩვენი წინა შეხვედრები შედეგიანი აღმოჩნდა. ჩვენი მხრიდან  მყისიერად იქნა მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც მათ  მიერ წარმოდგენილ პრობლემურ საკითხებს ეხებოდა. საუბარია თანხების გადახდასა და საჯარიმო სანქციებზე. ჩვენს მიერ გამოცემულია რეკომენდაციები და მიმდინარეობს პრევენციული ზომების მიღება, არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა. დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცანით სიახლეები, რომელიც ეხებოდა ორ ეტაპიანი ტენდერის გამოცხადებას. მნიშვნელოვანი იყო ამხანაგობების თემა, კერძოდ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ შეამხანაგდნენ და კონკრეტულად გაწერილი პირობების საფუძველზე მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ტენდერებში. ასევე, რეკომანდაცია გაიცა შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, რათა სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში გაითვალისწინონ არა მხოლოდ კომპანიის გამოცდილება, არამედ კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომელთა პროფესიონალიზმი“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით,  სააგენტოში ინერგება სიახლეები, რომელიც იქნება დიდი რევოლუციური ნაბიჯი შესყიდვების სფეროში, პროექტირების, მშენებლობის, ტენდერის ხარისხიანად ჩატარების კუთხით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზბესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.

შემდეგი, მეათე შეხვედრა ჩატარდება  14 სექტემბერს და მოწვეულები იქნებიან სამშენებლო ბიზნესში დასაქმებული მიმწოდებლები.