სიხლეები   დამტკიცდა ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი წესი!
22.06.2017
  
 
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის №617 კანონის მე-2 მუხლით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 60 დღისა, უზრუნველეყო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მასთან შესაბამისობა.
კანონით დაკისრებული ზემოაღნიშნული დავალების შესასრულებლად, გამოიცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში – ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი), რომელიც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე www.matsne.gov.ge გამოქვეყნდა 2017 წლის 15 ივნისს.
ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი წესით, ერთი მხრივ, აღსრულდა კანონისმიერი მოთხოვნა, ხოლო, მეორე მხრივ, დეტალურად და მკაფიოდ ჩამოყალიბდა ელექტრონული ტენდერის მარეგულირებელი ნორმები.
ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი წესი შედგება 6 თავისგან, 40 მუხლისგან და 3 დანართისგან. მისი ამგვარი სტრუქტურა უზრუნველყოფს ნორმების განაწილებას ქრონოლოგიურად და მარტივს ხდის ტენდერის ამა თუ იმ ეტაპის აღქმის შესაძლებლობას. სახელდობრ, ცვლილებები შეეხო შემდეგ საკითხებს: განისაზღვრა ელექტრონული ტენდერის ჩატარების პრინციპები, დაიხვეწა ტერმინოლოგია, დეტალურად გაიწერა სატენდერო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, პრეტენდენტისადმი მოთხოვნების დადგენის წესი, პრეტენდენტთა შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის პროცედურები, გასწორდა აფიდავიტის პირობები და ისინი დაუკავშირდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენას. ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი წესით დაცულია ბალანსი შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლების უფლებებსა და ინტერესებს შორის.
ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი წესი ძალაში დადის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებისთანავე – 2017 წლის 19 ივლისიდან.