E - ბიბლიოთეკა   საერთაშორისო პუბლიკაციები   სახელმწიფო შესყიდვების პროცესი
  • iconone.pngLife-cycle Costing (No. 34, September 2016) - შესყიდვის ობიექტის სასიცოცხლო ციკლის ხარჯები - საჯარო უწყებების თითოეული ქმედება და გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის და ამ პროცესის გამჭირვალობის პრინციპებს.  საჯარო შესყიდვების სფერო ამ მხრივ არ წარმოადგენს გამონაკლისს, იმდენად რამდენადაც გადასახადის გადამხდელთა მიერ გადახდილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საჯარო შესყიდვებზე იხარჯება. ევროკავშირის საჯარო შესყიდვების პროცესში საუკეთესო წინადადება, უმეტეს შემთხვევაში დგინდება დაბალი ფასის კრიტერიუმზე დაყრდნობით. „დაბალი ფასის“ კრიტერიუმი ხელსაყრელია შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის, იმდენად რამდენადაც ის უზრუნველყოფს საჯარო სახსრების მნიშვნელოვნად დაზოგვას. თუმცა, მეორე მხრივ, „დაბალი ფასი“, როგორც შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი, არ შეიძლება იქნეს განხილული ხანგრძლივი გამოყენების/პერსპექტივის თვალსაზრისით ფულის ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველყოფის საშუალებად. ევროკავშირის დირექტივა საჯარო შესყიდვების შესახებ ითვალისწინებს ფასისა და სხვა თვლადი კრიტერიუმების გამოყენების შესაძლებლობასაც საჯარო შესყიდვების პროცესში. არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის საუკეთესო ალტერნატივის შერჩევისათვის, შესაძლებელია გასათვალისწინებელი იყოს არა მხოლოდ შესყიდვის ობიექტის საწყისი ღირებულება, არამედ შესყიდვის ობიექტის გარკვეული თავისებურებები, რომლებიც ექსპლუატაციის პერიოდში წარმოქმნის გარკვეულ ხარჯებს ან, პირიქით, უპირატესობებს (შესყიდვის ობიექტის სასიცოცხლო ციკლის ხარჯები). 
    წინამდებარე მოკლე ანალიზი აღწერს სასიცოცხლო ციკლთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიას და განმარტავს ამ მეთოდოლოგიის გამოყენების უპირატესობას. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილებულია  ევროკავშირის საჯარო შესყიდვების შესახებ დირექტივის იმ ძირითად დებულებებზე, რომელიც განსაზღვრავს შესყიდვის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე სასიცოცხლო ციკლთან დაკავშირებული მეთოდოლოგიის გამოყენების სამართლებრივ ჩარჩოს. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია.
  • iconone.pngMarket Analysis, Preliminary Market Consultations, and Prior Involvement of  Candidate/Tenderers (No. 32, September 2016) - ბაზრის კვლევა, წინასწარი საბაზრო კონსულტაციები და კანდიდატთა/პრეტენდენტთა წინასწარი ჩართულობა - ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საჯარო შესყიდვების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, რომელთა სათანადოდ წარმართვა უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას. იმისათვის რათა დადგინდეს, თუ რა მახასიათებლების საქონელი თუ მომსახურება უნდა იქნას შესყიდული, როდის და რა პროცედურებით უნდა წარიმართოს შესყიდვები, შემსყიდველი ორგანიზაციები ატარებენ ბაზრის კვლევას და ამასთანავე, შესაძლებელია საჭირო გახდეს გარკვეულ დონეზე კონსულტაციების წარმართვა სხვადასხვა ეკონომიკურ ოპერატორთან. 
    ბაზრის კვლევა, საჯარო შესყიდვების კუთხით გულისხმობს პროცესს, რომელიც ტარდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ან მისი სახელით და რის მეშვეობითაც გროვდება ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის სავარაუდო ღირებულების, მისი სპეციფიკაციების, შესაფერისი შესყიდვის პროცედურების განსაზღვრის, ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელი ტენდერის ეფექტიანად წარმართვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. წინამდებარე ანალიზში განხილულია ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხები, მაგალითად, თუ რატომ და როდის უნდა ჩატარდეს ბაზრის კვლევა, როგორ უნდა წარიმართოს ბაზრის კვლევის პროცესი, როგორ უნდა გამოიყენოს ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია შემსყიდველმა ორგანიზაციამ და ა.შ. გარდა ამისა, კვლევაში განმარტებულია ბაზრის კვლევის პროცესში ევროკავშირის საჯარო შესყიდვების დირექტივების მოთხოვნები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია.
  • iconone.png2014 EU Directives: Public Sector and Utilities Procurement (No. 30, September 2016) - ევროკავშირის 2014 წლის სექტორების და საჯარო შესყიდვების შესახებ დირექტივები. 26 თებერვალს, ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ მიიღეს სამი ახალი დირექტივა სახელმწიფო შესყიდვებისა და კონცესიების გაცემის შესახებ: 
    ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივა 2014/24/EU, საჯარო შესყიდვების შესახებ, რომელიც აუქმებს დირექტივას 2004/18/EC O.J. L 94/65, ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივა 2014/25/EU წყალმომარაგების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საფოსტო მომსახურების სექტორებში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვების შესახებ, რომელიც აუქმებს დირექტივას 2004/17/EC O.J. L 94/243 (დირექტივა სექტორების შესახებ), ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივა 2014/23/EU კონცესიების გაცემის შესახებ O.J. L 94/1 (დირექტივა კონცესიების შესახებ). სამივე მათგანი ძალაში შევიდა 2014 წლის 17 აპრილს. ახალმა დირექტივამ საჯარო შესყიდვების შესახებ ჩაანაცვლა და შეცვალა დირექტივა 2004/18/EC საჯარო შესყიდვების შესახებ. ხოლო ახალმა დირექტივამ სექტორების შესახებ ჩაანაცვლა და შეცვალა დირექტივა 2004/17/EC. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ახალმა დირექტივებმა შემოიტანა რამდენიმე ახალი სამართლებრივი რეგულაცია, რომლიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს საკანონმდებლო დაახლოების პროცესში. ახალ დირექტივებში ძირითადად სავალდებულო წესებია მოცემული, რომელთა იმპლემენტაციაც უნდა მოახდინონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. წინამდებარე კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს სწორედ ზემოხსენებული დირექტივების ძირითადი დებულებების ანალიზი. გარდა ამისა, განხილულია ის სიახლეები, რომლებიც დაინერგა ზემოხსენებული დირექტივების იმპლემენტაციის შედეგად. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია.
  • iconone.pngSubcontracting (No. 37, September 2016) – ქვე-კონტრაქტირება - ქვე-კონტრაქტირება წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ის ეკონომიკური ოპერატორი, რომელმაც გაიმარჯვა საჯარო შესყიდვების პროცესში და რომელთანაც  დაიდო ხელშეკრულება საქონლის, მომსახურების მიწოდებისა თუ სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესახებ, ხელშეკრულების გარკვეული ელემენტების შესრულებას გადააბარებს სხვა ეკონომიკურ ოპერატორს. მეორე ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცალკეული ვალდებულებების შესრულებას, იწოდება ქვე-კონტრაქტორად. 
    მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების შედეგად ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს უშუალოდ ქვე-კონტრაქტორი, პასუხისმგელობა ხელშეკრულების შესრულებაზე ეკისრება კონტრაქტორს. მიმწოდებლებისთვის დიდ როლს თამაშობს ქვე-კონტრაქტირების შესაძლებლობა მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროცესში. მაგალითად, სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს, ძირითადმა კონტრაქტორმა შესაძლებელია ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულება, მაგ.: მექანიკური და საინჟინრო მომსახურება, დაგეგმვა და ა.შ. დააკისროს სხვა ქვე-კონტრაქტორს. ევროკავშირის საჯარო შესყიდვების შესახებ დირექტივაში არ არის მოცემული „ქვე-კონტრაქორის“ განმარტება, თუმცა ასეთი სახის განმარტებას ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო შესყიდვების შესახებ კანონებში. 
    ამ კვლევაში განხილულია ქვე-კონტრაქტირების მიზეზები და მოყვანილია ამ მხრივ კონკრეტული მაგალითები, განმარტებულია ქვე-კონტრაქტირების შესახებ დირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნები და გაანალიზებულია ამ თემასთან დაკავშირებული სხვა პრაქტიკული საკითხები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია.
  • iconone.pngAbnormally Low Tenders (No. 35, September 2016) – არაადეკვატურად დაბალი ფასი ტენდერებში - ევროკავშირის საჯარო შესყიდვების პროცესში ეკონომიკურ ოპერატორებს (მიმწოდებლებს) შორის საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. შესაბამისად, ამ პროცესში შესაძლებელია დაფიქსირდეს მნიშვნელოვნად დაბალი ფასის მქონე სატენდერო წინადადება. 
    სწორედ ამ კონტექსტში წარმოიქმნება „არაადეკვატურად დაბალი ფასი“-ს კონცეფცია. ევროკავშირის საჯარო შესყიდვების შესახებ დირექტივა არეგულირებს არაადეკვატურად დაბალ ფასთან დაკავშირებულ  საკითხებს და განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის ნეგატიური შედეგების (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკი) თავიდან აცილების გზებსა და საშუალებებს. დირექტივა კონკრეტულად არ განსაზღვრავს თუ რას წარმოადგენს ,,არაადეკვატურად დაბალი ფასი“. თუმცა, ამ შემთხვევაში მოიაზრება ისეთი სიტუაციები, როდესაც ეკონომიკური ოპერატორის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი იმდენად დაბალია, რომ ჩნდება ეჭვი თუ რამდენად შეძლებს ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას გამარჯვების შემთხვევაში. 
    წინამდებარე კვლევაში მოკლედაა განხილული „არაადეკვატურად დაბალი ფასი“-ს კონცეფცია, მისი დადგენის გზები და საშუალებები ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით, ამ მხრივ, ევროკავშირის საჯარო შესყიდვების შესახებ დირექტივით დადგენილი მოთხოვნები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია.
  • iconone.pngSmall and Medium-sized Enterprises (SMEs) in Public Procurement (No. 33, September 2016) - მცირე და საშუალო ზომის საწარმოები საჯარო შესყიდვების პროცესში - მცირე და საშუალო ზომის საწარმოები განიხილება ევროკავშირის ეკონომიკის მთავარ დასაყრდენად და მამოძრავებელ ძალად, იმდენად რამდენადაც მათი საშუალებით იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ისინი დიდ გავლენას ახდენენ ინოვაციასა და ზოგადად, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ზრდაზე. საჯარო შესყიდვების ბაზრისადმი წვდომა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის მათი ბიზნეს პოტენციალის განვრცობის თვალსაზრისით და ამავდროულად, პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. გარდა ამისა, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა საჯარო შესყიდვების პროცესში ჩართულობა ხელს უწყობს კონკურენციის ზრდას და მნიშვნელოვნად ამცირებს ამ ბაზარზე დომინანტი მოთამაშეების რაოდენობას. 
    ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, წინამდებარე კვლევა აღწერს ევროკავშირის დონეზე მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა საჯარო შესყიდვების პროცესში ჩართულობის მექანიზმებს, საჭიროებასა და ბენეფიტებს. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია.
  • iconone.png2014 EU Directives: Concessions (No. 31, September 2016) – 2014 წლის დირექტივები: ახალი დირექტივა 2014/23/EU კონცესიების შესახებ - 2014 წლის 28 მარტს, სამწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში (OJEU) გამოქვეყნდა ახალი დირექტივა 2014/23/EU კონცესიების შესახებ (კონცესიების შესახებ დირექტივა), როგორც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ევროკავშირის წესების რეფორმირების „საკანონმდებლო პაკეტის“ ნაწილი.
    კონცესიების შესახებ დირექტივა სრულიად ახალია. მის მიღებამდე, ნაწილობრივ რეგულირდებოდა  მხოლოდ სამშენებლო სამუშაოზე კონცესიის გაცემა სახელმწიფო შესყიდვების დირექტივის თანახმად. დირექტივა კონცესიების შესახებ, პირველად ევროკავშირის სამართლის ისტორიაში, მოიცავს, კონცესიებს სამშენებლო სამუშაოებზე და მომსახურების გაწევაზე. მასში კოდიფიცირებულია ევროპული სასამართლოს (CJEU) პრეცედენტული სამართალი კონცესიების გაცემის სფეროში. ამავე დროს, დირექტივა იძლევა გარკვეული დისკრეციის უფლებას, თუ როგორ უნდა შემუშავდეს კონცესიების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები. კონცესიების შესახებ დირექტივა, კონცესიების გაცემასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების დადების ახალი წესების შემოღებასთან ერთად, ცვლის დირექტივებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ. წინამდებარე კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს კონცესიების შესახებ დირექტივის ძირითადი დებულებების ანალიზი. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია.