სიხლეები   ​სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადება
08.10.2020
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ეხმიანება 2020 წლის 6 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ გადაცემაში „საქმიანი დილა“ მოწვეული სტუმრების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდების ჯგუფმა გადაწყვიტა შესაბამისი სერვისის (www.info-tenders.ge) მეშვეობით უზრუნველყოს დაინტერესებული პირების ინფორმირებულობა გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით.
პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მიესალმება ყველა იმ ახალგაზრდა სტარტაპერს, რომელთა მიზანია საკუთარი ნიჭისა და ტალანტის რეალიზაცია მოახდინონ სხვადასხვა ინოვაციური მიდგომების პრაქტიკაში დანერგვით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – საქმიანი წრეების ინფორმირებით გამოცხადებული ტენდერების შესახებ. თითოეული ასეთი სერვისი, შექმნილი ამ სტარტაპ  კომპანიის მიერ, თავისთავად მოწონებას იმსახურებს, თუმცა გადაცემაში გაჟღერებული მცდარი ინფორმაცია ვერ მოემსახურება საზოგადოების სათანადო ინფორმირებულობის ამოცანას. გვინდა დავიტოვოთ იმედი, რომ ამგვარი ლაფსუსი მათი ენთუზიაზმით აიხსნება და არა დეზინფორმაციის შეგნებული ტირაჟირებით.
გადაცემის სტუმართა განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ გააჩნია სათანადო სერვისები, რომელთა მეშვეობით უზრუნველყოფილ იქნებოდა დაინტერესებული პირების ინფორმირება გამოცხადებული ტენდერების შესახებ. აღნიშნული არ წამოადგენს რეალობას, ვინაიდან ჯერ კიდევ 2010 წლიდან, ანუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვის დღიდან, ხორციელდება ამავე სისტემაში რეგისტრირებული ყველა მეწარმის სათანადო ინფორმირება გამოცხადებული ტენდერების შესახებ, ეკონომიკური კლასიფიკატორის შესაბამისი კოდების მითითებით.
მეორე უზუსტობა, რაც იქნა გაჟღერებეული, შეეხებოდა ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო, მათი აზრით, არასაკმარის, მწირ ვადებს. აღვნიშნავთ, რომ სატენდერო დოკუემენტაციის გაცნობისა და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადები კანონმდებლობაში რამდენიმე წლის წინ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და ამ დრომდე არ ყოფილა პრეცედენტი, რომელიმე მეწარმეს გამოეთქვა პრეტენზია ამ ვადებთან დაკავშირებით.
გადაცემაში გაჟღერებული მესამე უზუსტობა შეეხებოდა არასაკმარის კონკურენციას სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკაში, თითქოსდა გამოწვეულს საქმიანი წრეების არაინფორმირებულობით. აღნიშნულის საპირისპიროდ, გვსურს განვაცხადოთ, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და ძალისხმევის შედეგად, ყოველწლიურად მატულობს კონკურენცია ტენდერში მონაწილე მეწარმეებს შორის და თუ საქართველოში არსებული კონკურენციის დონე ჩამოუვარდება წამყვან ევროპულ ქვეყნებში არსებულ კონკურენციის დონეს, აღნიშნულის ახსნა უნდა ვეძებოთ არა საქმიანი წრეების არაინფორმირებულობაში, არამედ მიწოდების ბაზრის შესაძლებლობების ლიმიტირებით. დღეის მდგომარეობით სისტემაში რეგისტრირებულია და  ტენდერებში მონაწილეობს 43553 კომპანია; აქედან 41337 რეზიდენტი, ხოლო 2216 არარეზიდენტი მიმწოდებელია.
და ბოლოს, სტარტაპერების შეთავაზებას სერვისების სრულყოფაში სათანადო დახმარება აღმოუჩინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მადლიერებით მივიღებდით, რომ არა სააგენტოს მაღალკვალიფიციური გუნდის კომპეტენცია და სრული მზადყოფნა კიდევ უფრო განავითაროს სახელმწიფო შესყიდვების სფერო.