სიხლეები   სააგენტოს მიერ პანდემიის პერიოდში სახელმწიფო სერვისების მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება
16.11.2020
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ პანდემიის პერიოდში სახელმწიფო სერვისების მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება. თანამედროვე გამოწვევად იქცა სააგენტოს სასწავლო ცენტრის  მომსახურება. სააგენტოს ხელმძღვანელობამ დროულად შეიმუშავა ახალი სტრატეგია და სასწავლო ცენტრის სერვისები ახალ პლატფორმებზე გადაიყვანა.
გაზაფხულზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ თანამშრომლობით, „ტელესკოლის“ ფარგლებში მომზადდა ახალი ტელეპროექტი და „მეორე არხის“ ეთერში გავიდა უკვე ივნისში. აღნიშნულ ტელეპროექტს გაუძღვნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპეტენტური პირები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ტელეკურსის სასწავლო თემატიკა 10 ბლოკად იყო დაყოფილი. ეს ტელეკურსი დამატებით იყო გავრცელებული სააგენტოს ვებ-რესურსებით, ასევე სოციალური მედიით. ტელეპროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც შემსყიდველი ორგანიზაციების თანამშრომლებში, ასევე მას ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს სტუდენტები და ახალი სამუშაოთი დაინტერესებული პირები.
ასევე, 2020 წლის ივლისში საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის  ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსი, რომელიც მორგებული იყო პროკურატურისთვის საინტერესო და მათთვის პრიორიტეტულ სფეროებს. დისტანციური სწავლება ამჯერად  მიმდინარეობდა WEBEX პლატფორმის გამოყენებით. ჯამში დატრენინგდა 40 პროკურატურის პასუხისმგებელი თანამშრომელი. სპეციალიზებული ტრენინგ-კურსი დაყოფილი იყო 10 თემატურ მეცადინეობად, ხოლო მეთერმეტე სესია დაეთმო კითხვა-პასუხის რეჟიმს.
ამჟამად, 2020 წლის 16 ნოემბრიდან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაიწყო ახალი სპეციალიზებული სასწავლო პროგრამა. დისტანციური სასწავლო პროგრამა ონლაინ რეჟიმში ტარდება ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით. თითოეულ 24-კაციან ჯგუფში იქნება გაწევრიანებული პრაქტიკოსი შემსყიდველები. დისტანციური სწავლების ეს სრულიად ახალი კურსი შესდგება 10 სასწავლო ორსაათიანი მოდულისაგან და გასტანს თითოეული ჯგუფისათვის 5 სამუშაო დღე. სააგენტო გეგმავს ანალოგიური დისტანციური სწავლების სერვისი შესთავაზოს ყველა მომხმარებელს პანდემიის  დასრულებამდე. ხოლო, უკვე პანდემიის დასრულებისთანავე და დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდგომ, შესაძლებელი იქნება როგორც „ტელესკოლის“, ასევე დისტანციური სწავლების მსმენელების ტესტირება-სერტიფიცირების პროცესის გაგრძელება.
სააგენტო მოუწოდებს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას აქტიურად ითანამშრომლოს სააგენტოს  სასწავლო ცენტრთან და უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვებით დაკავებული თანამშრომლების გადამზადება.