სიახლეები/განცხადებები   ელექტრონული შესყიდვების სისტემის პრეზენტაცია
25.10.2010

112

 

      სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 25 ოქტომბერს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქმიანი წრეების, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული   სისტემის პრეზენტაცია მოაწყო.

      სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ პრეზენტაციასთან ერთად,  საქართველოში პირველი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადდა 2 მილიონი ფურცლის  ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის (დასკანერების) მომსახურების შესაძენად. ახალი სისტემის მიხედვით, რომლის გამოყენება 2010 წლის პირველ დეკემბრამდე ნებაყოფლობითია, პირველი დეკემბრიდან  ყველა სატენდერო პროცედურა მხოლოდ ელექტრონულად განხორციელდება.

      "სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დასანერგად სააგენტომ  ერთი წლის მანძილზე მოცულობითი სამუშაოები ჩაატარა. შემუშავდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, შეიქმნა ელექტრონული ტენდერების პროგრამა და განახორციელა სხვა ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია სისტემის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის. სიახლე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში დაინერგა, ტენდერის გამოცხადებას და  მასში  მონაწილეობას კომფორტულს და გამჭვირვალეს გახდის. სისტემა პრაქტიკულად გამორიცხავს კორუფციას, გაზრდის საზოგადოების ნდობისა და ჩართულობის ხარისხს სახელმწიფო შესყიდვებში,   უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების  რაციონალურ ხარჯვას,  დაზოგავს დროს და ფინანსებს", - განაცხადა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ტატო ურჯუმელაშვილმა.

      საქართველოში ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების დანერგვის პროცესი ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით.  რეფორმის მომზადების პროცესში მოხდა დასავლეთის წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.