სიახლეები/განცხადებები   ენგურჰესი ელექტრონულ შესყიდვებზე გადავიდა
25.11.2010

167

 

შპს „ენგურჰესმა” სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით 5 ტენდერი გამოაცხადა. ყველა სატენდერო პროცედურა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.procurement.gov.ge) განხორციელდება.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს ხუთივე ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციულ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.

ენგურჰესი ელექტრონულ შესყიდვებზე კანონით მოთხოვნილ ვადაზე ადრე  გადავიდა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ელექტრონული ტენდერების ჩატარება პირველი დეკემბრიდან ხდება სავალდებულო, ხოლო ამ ვადამდე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობა ნებაყოფლობითია.

„მინდა აღვნიშნო, რომ ტენდერის ელექტრონულად ჩატარება ძალიან მოსახერხებელია, ვინაიდან შემსყიდველს აქვს შესაძლებლობა დღის ნებისმიერ დროს გამოაცხადოს ტენდერი და შეიტანოს მასში ცვლილებები. ამასთან სისტემა იძლევა საშუალებას სწორად იქნეს შერჩეული შესყიდვის ობიექტები. ასევე მიმწოდებელს აქვს საშუალება დროულად მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო შესყიდვის ობიექტზე ტენდერის გამოცხადების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია კონკურენციის თვალსაზრისით. სისტემა ფაქტიურად აღმოფხვრავს რეგიონალურ უთანასწორობას - ტენდერში მონაწილეობა ერთნაირად მარტივი იქნება ნებისმიერი კომპანიისთვის, მიუხედავად მისი საქმიანობის ადგილისა“ - განაცხადა  ენგურჰესის შესყიდვების და მომარაგების სპეციალისტმა ლევან ტაბიძემ.

სახელმწიფო შესყიდვების ისტორიაში პირველი ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ჩაატარა. სააგენტოს დოკუმენტაციის ციფრულ ფორმატში გადაყვანის მომსახურების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებას 20 დღე დასჭირდა, რაც ტრადიციული მეთოდით ტენდერის ჩატარების საშუალო დროზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.