სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო შეიქმნა
07.12.2010

204

 

 

სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების სამართლიანობისა და სრული გამჭვირვალობის მიმართულებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს.

6 დეკემბრიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო ამოქმედდა, რომელიც პარიტეტის პრინციპის დაცვით სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდა. საბჭო შედგება 6 წევრისაგან, საიდანაც 3 არის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, რომელთა შერჩევა თავად სამოქალაქო სექტორმა განახორციელა. საბჭოს წევრებად 1 წლის ვადით არჩეულ იქნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის წარმომადგენლები.

შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედება დავების განხილვის საბჭოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვის პროცედურების მიმდინარეობისას დაირღვა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონი.

დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად,  სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის www.procurement.gov.ge მეშვეობით. ასევე, შესაძლებელია საჩივრის განხილვის წარმოება კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით (ელ. ფოსტა, ვიდეოკონფერენცია). აღნიშნული გაამარტივებს საჩივრის წარდგენის პროცედურას და უფრო გამჭვირვალეს გახდის საჩივრის განხილვის პროცესს.

თუ საბჭოს მიერ საჩივრის და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად დადასტურდება საჩივრის სამართლიანობა, საბჭო უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა, ან გაუქმება; საბჭო ასევე უფლებამისილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი.

საბჭოს სხდომები ტარდება ღია და გამჭვირვალე გარემოში და მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.procurement.gov.ge .