სიახლეები/განცხადებები   შესყიდვების ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის ოფისში
22.11.2010

150

 

     17 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის (EC DG MARKT) ოფისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) მომზადების ფარგლებში ჩატარებულ სახელმწიფო შესყიდვებისადმი მიძღვნილ მე–4 შეხვედრაზე.
     სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ტატო ურჯუმელაშვილმა და სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა დავით მარღანიამ აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვას, სომხეთის, ბელორუსისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის 50-მდე წარმომადგენელს გააცნეს ნოვაციები, რომელთა დანერგვის შედეგად საქართველოში ტენდერები 2010 წლის 1 დეკემბრიდან მხოლოდ ელექტრონულად განხორციელდება. სააგენტოს მენეჯმენტმა შეხვედრაზე ასევე იმ საკანონმდებლო და სისტემურ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც საჭირო გახდა აღნიშნული სისტემის დასანერგად.
     შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო ერთ-ერთი ნოვატორი სახელმწიფოა, რომელსაც ტენდერთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ელექტრონულ ფორმატში ექნება წარმოებული.
     სისტემა (www.procurement.gov.ge), რომელიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო ტენდერების გამჭვირვალობას, არადისკრიმინაციულობასა და სამართლიან შეფასებას და, მეორეს მხრივ, მკვეთრად ამცირებს ტენდერში მონაწილეობის დროსა და ხარჯებს, დადებითად იქნა შეფასებული შეხვედრის მონაწილეების მიერ.