სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო რეგიონული შეხვედრების ციკლს სამეგრელოს რეგიონში განაგრძობს
02.10.2017
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სამეგრელო-ზემო სვანეთის მეწარმეებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში დანერგილი ცვლილებებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

1.jpg

2017 წლის 29 სექტემბერს ანაკლიაში, სასტუმროში „ოქროს საწმისი“ ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობის შეხვედრა საჯარო შესყიდვებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
 
შეხვედრა მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ. კერძოდ, მომზადდა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ორი ახალი კანონი, რომლებმაც საგრძნობლად შეცვალეს საჯარო სახსრებით განსახორციელებელი შესყიდვების გარემო. შეცვლილია მრავალი რეგულაცია, მიღებულია ახალი წესები და შემუშავებულია რეკომენდაციები, გამოცემულია უამრავი ახალი მეთოდურ-პრაქტიკული მითითება. მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ქართულ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (eProcurement) დაინერგა ახალი შესყიდვის პროცედურები და ინოვაციური ელექტრონული სერვისები.
 
სააგენტოს პასუხისმგებელმა პირებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ზემოსხენებული მიმართულებებით მიღწეული შედეგები, დაგეგმილი რეფორმები, ახალი საკანონმდებლო ნორმები და სააგენტოს მიერ შემოთავაზებული სერვისები.
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნანობაშვილმა ხაზი გაუსვა ასეთი შეხვედრების მნიშვნელობას, როგორც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ჩართული სუბიექტების ინფორმირებას, ასევე ზოგადად აღნიშნულ თემატიკასთან საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით. მისი აზრით, შეხვედრის ფორმატი  მისი ნაყოფიერად ჩატარების წინაპირობას წარმოადგენს.
 
შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის ნაწილს, რომლის დროსაც სააგენტოს წარმომადგენლებმა უპასუხეს დამსწრეთა მხრიდან დასმულ შეკითხვებს.
 
სააგენტოსა და პროექტს „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი მსგავსი შეხვედრა კახეთის რეგიონში ჩატარდება.
 
ცნობისათვის: პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. EU4Business ინიციატივის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu