სიახლეები/განცხადებები   მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მორიგი რეკომენდაციები
11.08.2016
  
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მცირე და საშუალო ბიზნესის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ხელშეწყობისათვის მორიგი მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები შეიმუშავა.  

საგულისხმოა, რომ მეთოდური მითითებების მიმართულებები, ძირითადად, ემთხვევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხორციელებული კვლევების შედეგად დასახელებულ ტიპიურ სირთულეებს, რომლებსაც, როგორც წესი, აწყდებიან მცირე და საშუალო საწარმოები სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.

სააგენტომ გააანალიზა ეს პრობლემები (შესყიდვის ობიექტის მოცულობასა და არაერთგვაროვნებასთან დაკავშირებული სირთულეები;  არასაკმარისი დრო სატენდერო წინადადების შემუშავებისათვის; შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული სპეციფიკაციებით საჭიროების დაკმაყოფილების ზოგიერთი ალტერნატივის შეზღუდვა; არაპროპორციულად მაღალი საკვალიფიკაციო და ტექნიკური მოთხოვნები; არაპროპორციულად მაღალი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები; დაგვიანებული გადახდები) და შეიმუშავა სირთულეების აღმოსაფხვრელად შემდეგი რეკომენდაციები:
 
  • შემსყიდველმა ორგანიზაციებმა მსხვილი შესყიდვების შემთხვევაში გამოიყენონ ე. წ. ლოტებად დაყოფის სტრატეგია, რაც ნიშნავს ორგანიზაციების შესაძლებლობას, დაყონ დაგეგმილი დიდი მოცულობის ტენდერი რამდენიმე შედარებით მცირე ტენდერად (ლოტად) „ხარისხობრივი“, „რაოდენობრივი“ და/ან „გეოგრაფიული“ ფაქტორების გათვალისწინებით;
  • განსაკუთრებით რთული სპეციფიკის შესყიდვის ობიექტის და/ან მოცულობითი ტენდერის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა განსაზღვრონ ტენდერის მიმდინარეობის ადეკვატური ვადები;
  • შემსყიდველმა ორგანიზაციებმა განსაზღვრონ ფუნქციური და შედეგზე ორიენტირებული სპეციფიკაციები, რაც ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს ისეთ საწარმოს,  რომელიც ტენდერში მონაწილეობისაგან შეიზღუდებოდა ტექნიკური სპეციფიკაციების შემთხვევაში;
  • ბრუნვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა სატენდერო დოკუმენტაციაში გაითვალისწინონ დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, შედარებით ახლად დაფუძნებულ მიმწოდებელს მიეცემა ტენდერში მონაწილეობის საშუალება, თუ მისი საშუალო თვიური ბრუნვის 12–ზე ნამრავლი შეადგენს არანაკლებ მოთხოვნილი წლიური ბრუნვის ოდენობას;
  • ტექნიკური ცოდნა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შეფასდეს არა საწარმოსთან, არამედ პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებთან მიმართებაში;
  • შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით;
  • მიმწოდებლებთან ანგარიშსწორება განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემუშავებული მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები, ისევე როგორც ცვლილებები კანონმდებლობაში, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან რეგულარული შეხვედრების დროს წამოჭრილი საკითხებისა და წინადადებების გათვალისწინებით მომზადდა და ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის სახელმწიფო შესყიდვების მიმზიდველობის გაზრდას.
ამავდროულად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განაგრძობს შეხვედრების ციკლს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან. სააგენტოს თავმჯდომარის ინიციატივით, შეხვედრები იმართება ორ კვირაში ერთხელ და ემსახურება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, ბიზნესის ჩართულობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

დეტალურად იხილეთ მეთოდური მითითებები