სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად შევსების წესს ამკვიდრებს
27.01.2017
   
 

 


2017 წლის 27 იანვარს საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 26 იანვრის №3 ბრძანება, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“. ცვლილების თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში განთავსდება ელექტრონულად. ამ მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა შეავსოს ელექტრონული კითხვარი, რომელიც დაგენერირებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა).

სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმების შემუშავებას წინ უძღოდა შემსყიდველი ორგანიზაციების წამომადგენლებთან გამართული არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა, რომლებზეც, გამოთქმული შენიშვნების/რეკომენდაციების გათვალისწინებით, სააგენტო სრულყოფდა სატესტო რეჟიმში შემუშავებულ მოდულს.

ასამოქმედებელი სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმა შეიცავს ველებს, რომლებშიც შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტისადმი დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული ველები დაჯგუფებულია თემატურად (მაგალითად, შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ტექნიკური მოთხოვნები, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და ა. შ.), რაც სატენდერო დოკუმენტაციებს ხდის სტანდარტიზებულს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას, ნებისმიერ ტენდერში, განურჩევლად შემსყიდველი ორგანიზაციისა და შესყიდვის ობიექტისა, ელექტრონულ ფორმაში ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას, მარტივად მოიძიონ მათთვის სასურველი/საჭირო ინფორმაცია ამა თუ იმ სატენდერო პირობის შესახებ. ამავდროულად, სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმა შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, კითხვარში დამატებით ატვირთოს დოკუმენტები (PDF და Excel ფორმატით).
აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმა მინიმუმამდე ამცირებს შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან მექანიკური შეცდომების დაშვების რისკს, რამდენადაც ელექტრონული მოდული ეფუძნება კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ რეგულაციებს. შესაბამისად, ამ რეგულაციების გათვალისწინებით, სისტემა ავტომატურად ხსნის კითხვარის სათანადო ველს, რომელიც უნდა შეავსოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ (მაგალითად, შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეეძლება, დასაბუთების გარეშე მოითხოვოს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა). ამასთან, სისტემა არ მისცემს შემსყიდველ ორგანიზაციას ტენდერის გამოცხადების საშუალებას, თუკი არ იქნება შევსებული ყველა სავალდებულო ველი. ხაზგასასმელია ისიც, რომ კითხვარი მოთხოვნების ჩამოყალიბებისას შემსყიდველ ორგანიზაციებს ახსენებს სააგენტოს რეკომენდაციებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით (მაგალითად, ანგარიშსწორების ვადები).

საგულისხმოა, რომ, პირველ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში ელექტრონულად განთავსდება მხოლოდ SPA („ელექტრონული ტენდერები რევერსული აუქციონით“)  და NAT („ელექტრონული ტენდერები  აუქციონის გარეშე“) ტენდერების შემთხვევაში.

მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ასევე იქნა შეტანილი გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში, შეეხება შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ პრეტენდენტებისათვის ტენდერში რეკვიზიტების წარმოდგენის მოთხოვნას. დღესდღეობით ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც პრეტენდენტები ტენდერში განზრახ ან უნებლიეთ წარადგენდნენ მხოლოდ რეკვიზიტებს, რაც შემდგომი დაზუსტების მექანიზმის გამოყენებით იწვევდა შესყიდვის პროცედურების გაჭიანურებას. ახალი წესით დადგინდა, რომ პრეტენდენტი ტენდერში აღარ წარადგენს რეკვიზიტების სახით ისეთ ინფორმაციას, რომელიც ისედაც ასახულია სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში. აღნიშნული ცვლილება დაზოგავს ტენდერის ჩატარების დროს, რამდენადაც შემცირდება შეცდომების დაშვებისა და შესაბამისად, შესყიდვის პროცედურების გაჭიანურების შემთხვევები.

ბრძანება ამოქმედდება 2017 წლის 1 თებერვლიდან.