სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!
22.02.2017
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირებისთვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით სამოდელო ქცევის წესების დანერგვას. კოდექსის პროექტი ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მიმართულია იმისკენ, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლებმა გაიაზრონ ის მაღალი პასუხისმგებლობა, რაც მათ საქმიანობას უკავშირდება და ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებით ხელი შეუწყონ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების ეფექტიან რეალიზებას, მათ შორის, სახსრების რაციონალურ ხარჯვას, ჯანსაღ კონკურენციასა და გამჭვირვალობას. ამავდროულად, კოდექსის პროექტს ლაიტმოტივად გასდევს შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელთა მიერ მათი უფლებამოსილების ჯეროვნად შესრულების მოვალეობა, რათა მიღებული გადაწყვეტილებები იყოს სამართლიანი და ისინი დაეფუძნოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ფუძემდებლურ პრინციპს.
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს 10 სამუშაო დღის ვადაში კოდექსის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები (მათი არსებობის შემთხვევაში) წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@procurement.gov.ge.