სიახლეები/განცხადებები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ! ყველა შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელ თანამშრომელთა საყუ
13.06.2018
  
 
ყველა შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელ თანამშრომელთა საყურადღებოდ!
ყველა ბიზნეს კომპანიის და მეწარმის საყურადღებოდ, ვინც მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვებში!
 
გაცნობებთ, რომ 2018 წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, ასევე მე-11 მუხლი.
ამ კანონის თანახმად, თუ ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობისას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმას აირჩევს და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ხელმოწერას ან/და შტამპს საჭიროებს, სავალდებულოა დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას.
თავის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. ასევე, საკმარისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემაში  მიმწოდებლების (პრეტენდენტების) მიერ ასატვირთ წინადადებებზე, კორესპონდენციასა და სხვა ნებისმიერ დოკუმენტზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს ხელმოწერას, უნდა იყოს შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. ასევე საჭიროა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სისტემაში ასატვირთ ნებისმიერ კორესპონდენციაზე, გადაწყვეტილებასა (სხდომის ოქმი) ან სხვა ნებისმიერ დოკუმენტზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს ხელმოწერას,  შესრულებული იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი (საკმარისია ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა).
2018 წლის 1 ივლისიდან მხარეებს შორის დასადები ხელშეკრულება აღარ საჭიროებს პირად (მატერიალურ) ხელმოწერას და მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულების ტექსტს (PDF ფორმატში) ხელი მოაწერონ ელექტრონულად, მიმწოდებლის წარმომადგენლის შემსყიდველ ორგანიზაციაში გამოცხადების გარეშე, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით.
იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ირჩევს დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებას, მის უფლებამოსილ პირს უნდა ჰქონდეს ID ბარათი მოქმედი სერტიფიკატით და შესაბამისი ბარათის წამკითხველი. ასევე აუცილებელია პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ბარათზე ინფორმაციის დასათვალიერებლად და მისი გამოყენებით ციფრული ხელმოწერისა და ონლაინ აუთენტიფიკაციის განხორციელებისათვის. ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებისათვის აუცილებელია გქონდეთ ID ბარათის  PIN კოდი.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესახებ ინსტრუქცია. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს  https://id.ge/   ან მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, https://sda.gov.ge/ ტელ. +995 32 2 40 10 10. მისამართი: წერეთლის გამზირი 67ა, 0154, თბილისი.
კვალიფიციური ელექტრონული შტამპის თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, https://sda.gov.ge/ ტელ. +995 32 2 40 10 10. მისამართი: წერეთლის გამზირი 67ა, 0154, თბილისი.