სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
22.10.2018
  
 
გაცნობებთ, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების ბალანსზე არსებული ავტომანქანების 2019 წლის განმავლობაში დაზღვევის მომსახურების შესყიდვის მიზნით საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას.
კონსოლიდირებული ტენდერების სწორად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, ძალზედ მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ავტომანქანების საბალანსო ღირებულებები მაქსიმალურად მიახლოებული იყოს საბაზრო ღირებულებასთან, რადგან  თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღმოჩნდება, რომ სადაზღვევო თანხა 20%-ით ან/და მეტით ნაკლებია დაზღვეული ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის, მაშინ, მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების (საბაზრო ღირებულების) შეფარდების შესაბამისად. 
მაგალითი #1: ავტომობილის საბაზრო ღირებულება შეადგენს  10 000 ლარს, ხოლო ნარჩენი საბალანსო ღირებულება გასაახლებელია და შეადგენს 1 000 ლარს. საბალანსო ღირებულებით დაზღვევის შემთხვევაში, ავტომობილის 200 ლარი დაზიანების შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია გამოიყენოს პროპორციის უფლებამოსილება და ნაცვლად 200 ლარისა, (ვინაიდან საბაზრო ღირებულება 10 ჯერ აღემატება საბალანსო ანუ სადაზღვევო ღირებულებას) აანაზღაუროს 10 ჯერ ნაკლები თანხა, 20 ლარი.
მაგალითი #2: ავტომობილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს, ხოლო ნარჩენი საბალანსო ღირებულება - 30 000 ლარს. აღნიშნულ შეთხვევაში დაზღვევის მომსახურების შესყიდვისათვის შემსყიდველ ორგანიზაციას მოუწევს 3-ჯერ მეტი თანხის გადახდა ვიდრე ეს შესაბამისი საბალანსო ღირებულის გაკეთებისას მოუწევდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტე, განსაკუთრებით კი ავტომობილიების საბალანსო ნარჩენი ღირებულების  შესაბამისობა რეალურ საბაზრო ღირებულებასთან, ძალზედ მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული ტენდერის გამართული ფუნქციონირებისათვის, ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდისა და  შესასყიდი მომსახურების  სწორად განსაზღვრისათვის.
ზემოთ მოყვანილი მაგალითების გათვალისწინებით, იმ ავტომობილთა დაზღვევა, რომელთა საბალანსო ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალური საბაზრო ღირებულებისაგან, აზრს მოკლებულია, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია ვერ მიიღებს მაქსიმალურ ეკონომიკურ სარგებელს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.