სიახლეები/განცხადებები   კერძო სექტორის წარმომადგენლებს კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პო
17.12.2018
  
 

კერძო სექტორის წარმომადგენლებს კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს. ღონისძიების ფარგლებში, მათ ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) პრაქტიკული დანიშნულებაც გააცნეს. 
როგორც ცნობილია, 2019 წლის 1 იანვრიდან იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომელთაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევთ, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღებისას, ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა სავალდებულო ხდება. 
ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (USAID GGI) მხარდაჭრით ჩატარდა.
კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით მკვიდრდება დოკუმენტის დაცვის მაღალი სტანდარტები. კერძოდ, ახალი ცვლილების საფუძველზე მათი ელექტრონულ დოკუმენტზე გამოყენება ზრდის მის სანდოობას და დაცულობის ხარისხს. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, დაზოგოს დრო, დაძლიოს მანძილი და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ან გააფორმოს ხელშეკრულება. 
ინფორმაციისთვის, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აუდიტი გაიარა საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიაში, რომლის დასკვნის საფუძველზე მიიღო ავტორიზაცია და ქვეყანაში ერთადერთ სანდო მომსახურების გამცემ ორგანიზაციად განისაზღვრა.
მონაცემთა გაცვლის სააგენტომ კი აამოქმედა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) განახლებული ვერსია, რომელიც ისეთ სერვისებს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება.

დამატებითი ინფორმაცია კვალიფიციური ელექტრონული შტამპისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესახებ
კვალიფიციური სანდო სერვისების მნიშვნელობა: ელექტრონული სერვისების განვითარება და დანერგვა მნიშვნელოვნად ამცირებს ქაღალდის დოკუმენტბრუნვას და ამაღლებს დოკუმენტაციის დაცულობის ხარისხს. ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ადმინისტრაციული ორგანოები ეტაპობრივად გადადიოდნენ ელექტრონულ საქმისწარმოებაზე და დოკუმენტები ელექტრონულად იქმნებოდა, გადაწყდა, რომ სწორედ ელექტრონული საბუთები ჩათვლილიყო დედნებად და დოკუმენტები დადასტურებულიყო კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი ელექტრონული დოკუმენტის დამოწმების სანდო საშუალებაა.
დოკუმენტის დაცვის მაღალი სტანდარტები - კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა უტყუარად ადასტურებს ხელმომწერის ვინაობას და იცავს ხელმოწერილ დოკუმენტს. ელექტრონული დოკუმენტის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მისი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამგვარი დოკუმენტების შექმნა უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების დაცვით ხორციელდება. კერძოდ, უზრუნველყოფილია დოკუმენტის დაცვა მანიპულაციისაგან – შეუძლებელია ხელმოწერილ დოკუმენტში რაიმე ცვლილების შეუმჩნევლად შეტანა.
სარგებელი, დროისა და რესურსის დაზოგვა - ელექტრონული მმართველობის განვითარებით საგრძნობლად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, იზოგება მწვანე საფარი და გარემო. მოქალაქეები/ორგანიზაციები დაზოგავენ დროს და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან წარადგენენ ელექტრონულ დოკუმენტებს კერძო და საჯარო უწყებებში. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დაცული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სანდოობის გარანტი იქნება. 
მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს/ორგანიზაციებს შეეძლებათ ელექტრონული სანდო სერვისით დამოწმებული დოკუმენტის სახლიდან გაუსვლელად პორტალიდან (www.sda.gov.ge) ჩამოტვირთვა, ასევე, იმავე დოკუმენტის ელექტრონულად გადაგზავნა მიმღებთან, დამატებითი დამოწმების გარეშე. კანონი ადმინისტრაციულ ორგანოებს ავალდებულებს, უარი არ თქვან ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტის მიღებაზე. 
როგორ სრულდება ან იქმნება კვალიფიციური ელექტრონული შტამპი - კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შესაქმნელად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და იუსტიციის სახლები სპეციალურ ბარათებს გასცემენ.
რაც შეეხება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას - კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით. 
• აუცილებელია, შენახული გვქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის პინკოდების კონვერტი;
• თუ კონვერტი დაკარგეთ, ეწვიეთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს და მიიღეთ ახალი პინკოდები;
• თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორწელიწადნახევარზე მეტი ხნის წინ აიღეთ, თქვენ დაგჭირდებათ სერტიფიკატის განახლება. ამას Id.ge ვებგვერდიდან გადმოწერილი პირადობის მოწმობის უნივერსალური პროგრამით შეძლებთ.
ელექტრონული დოკუმენტების მიღების რა საშუალებები არსებობს: 
 მოქალაქეს შეუძლია, დოკუმენტი სახლიდან გაუსვლელად, შესაბამისი ვებპორტალიდან (www.sda.gov.ge) ჩამოტვირთოს; 
 შესაძლებელია, დოკუმენტი ჩაიწეროს ელექტრონულ მატარებელზე (CD და მეხსიერების ფლეშბარათზე) იუსტიციის სახლში ან სხვა დაწესებულებაში; 
 შესაძლებელია, მოქალაქემ საჭიროებისამებრ მოითხოვოს ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ასლი ან ვერსია, რომელიც შესაბამისი ე.წ. „სველი ბეჭდით“ იქნება დამოწმებული.
რატომ განისაზღვრა სააგენტო სანდო სერვისების მიმწოდებლად - იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო კვალიფიციური სანდო მომსახურების განხორციელება, სააგენტომ უზარმაზარი სამუშაო შეასრულა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი მიღწევები:
 სააგენტომ დანერგა კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მომსახურება;
 მოქალაქეებს, რომლებსაც პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობების (PIN და PUK) კოდების კონვერტები დაკარგული ჰქონდათ, სააგენტომ ახალი კოდების გაცემის მომსახურება შესთავაზა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა ელექტრონული სანდო მომსახურების დანერგვით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს პოზიციებს ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ რეიტინგებში (მაგ., გაეროს ელექტრონული მმართველობის კვლევაში 2016 წელს საქართველო 61-ე პოზიციას იკავებდა 193 ქვეყანას შორის). ასევე, გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, რაც წაახალისებს ინვესტიციებს, ეს კი, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალი სტიმული გახდება.

იხილეთ ლინკი