სიახლეები/განცხადებები   ინფორმაცია 2020 წლის განმავლობაში მედიკამენტების კონსოლიდირებული ტენდერით შესყიდვის შესახებ
18.10.2019
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის 1 იანვრიდან - 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მედიკამენტების კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მონაცემების აგრეგირება.

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2019 წლის 25 ოქტომბრისა, აღნიშნულ მეილზე -pharm2020@spa.gov.ge მოგვაწოდოთ შევსებული ცხრილი, იმ მედიკამენტების (CPV 33600000 - ფარმაცევტული პროდუქტები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2020 წლის სახსრებით.

გაითვალისწინეთ, რომ თანდართულ ცხრილში, ანბანის მიხედვით, მოცემულია იმ მედიკამენტების შესახებ დეტალური მონაცემები (მათ შორის, დამხმარე ინფორმაცია მედიკამენტების სავაჭრო დასახელების/მწარმოებლის და ფარმაკო-თერაპიული ჯგუფის მითითებით), რომლის შესყიდვაც იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში. იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის სასურველი კონკრეტული მედიკამენტი (დოზა/ფორმა/მოქმედი ნივთიერება) ცხრილში არ არის, გთხოვთ მოიძიოთ მისი ალტერნატივა და ჩაანაცვლოთ სხვა ფორმის, მსგავსი მოქმედების ან/და ანალოგიური ფარმაკო-თერაპიული ჯგუფის მქონე პრეპარატით.

მაგალითი #1:

თუ თქვენთვის სასურველი სავაჭრო დასახელებაა: „ტერაფლუ“ და მისი ჯენერიკია: comb. drug (Paracetamol, Pheniramine maleate, Phenylephrine hydrochloride)
მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ცხრილში მოცემული სავაჭრო დასახელებით: „ტერაფლუ ლიმნით“ და მისი ჯენერიკია: comb. drug (Paracetamol, Pheniramine maleate, Phenylephrine hydrochloride, Ascorbic acid).

მაგალითი #2:

თუ თქვენთვის სასურველი მედიკამენტის ფორმაა 200 მლ და ცხრილში 200 მლ-ს ნაცვლად არის მხოლოდ 100 მლ, გთხოვთ აირჩიოთ 100 მლ.

თუ ზემოაღნიშნული ჩანაცვლების მიუხედავად, ცხრილში არ მოიძებნა თქვენთვის სასურველი ფარმაცევტული პროდუქტი, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციით (იხ. ბმული), საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

დამატებით განვმარტავთ, რომ ცხრილში მოცემულია ორი სამუშაო ფურცელი ე.წ. „შიტი“ (შიტი #1 - „188 დადგენილების გარეშე“ და შიტი #2 - „188 დადგენილების მიხედვით“). ზოგიერთი მედიკამენტი მეორდება ორივე სამუშაო ფურცელზე ე.წ. „შიტზე“. თუმცა, განსხვავება შიტი #1-სა და შიტი #2-ს შორის არის მხოლოდ მოთხოვნა მედიკამენტის რეგისტრაციის წესის შესახებ, კერძოდ: შიტი #1-ზე მოცემული მედიკამენტები არის სტანდარტული, საქართველოში  აღიარებითი ან ეროვნული რეჟიმით დარეგისტირებული. ხოლო, შიტი #2-ზე მოცემული მედიკამეტები რეგისტრირებული უნდა იყოს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე. მოგახსენებთ, რომ თუ თქვენი ორგანიზაცია არ იყენებდა №188 დადგენილების გათვალისწინებით შესყიდულ მედიკამენტებს, ინფორმაციის წარმოდგენისთვის გამოიყენეთ მხოლოდ შიტი #1 - „188 დადგენილების გარეშე“.

მოგახსენებთ, რომ დაუშვებელია ცხრილში მოცემული მონაცემების ნებისმიერი სახით დაკორექტირება ან/და ინფორმაციის წაშლა! თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ ველებში, რომლებიც შეფერილია წითლად, ხოლო მონაცემის შეყვანისთანავე, შეიფერება მწვანედ. სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი.

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ცხელი ხაზი: +995 32 2 484 822
+995 32 2 242 248   შიდა:39
ნინო გამრეკელი  598 380 780