სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა რეგიონულ შეხვედრებს განაგრძობს
17.10.2017
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა რეგიონულ შეხვედრებს განაგრძობს. 2017 წლის 20 ოქტომბერს კახეთში, ქალაქ თელავში სასტუმროში „სავანეთი“  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობის შეხვედრა საჯარო შესყიდვებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართება. ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
 
შეხვედრა მიზნად ისახავს დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ. კერძოდ, მომზადდა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ორი ახალი კანონი, რომლებმაც საგრძნობლად შეცვალეს საჯარო სახსრებით განსახორციელებელი შესყიდვების გარემო. შეცვლილია მრავალი რეგულაცია, მიღებულია ახალი წესები და შემუშავებულია რეკომენდაციები, გამოცემულია უამრავი ახალი მეთოდურ-პრაქტიკული მითითება. მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ქართულ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (eProcurement) დაინერგა ახალი შესყიდვის პროცედურები და ინოვაციური ელექტრონული სერვისები.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ მობრძანდნენ 20 ოქტომბერს კახეთში, სასტუმროში „სავანეთი“,  10:30 საათზე.