სიახლეები/განცხადებები   დასუფთავებისა და სანიტარული მომსახურების სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან შეხვედრა გაიმართა
12.10.2016
  
 
IMG_5723.JPG


2016 წლის 12 ოქტომბერს 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართა მეთორმეტე შეხვედრა ბიზნესმენებთან  - დასუფთავებისა და სანიტარული მომსახურების  სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნანობაშვილმა განაცხადა, ბიზნესმენებთან ამ ფორმატით მიმდინარე შეხვედრები  ფრიად შედეგიანია.
„იყო სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც  ბიზნესის წარმომადგენლებს აწუხებდათ,  კერძოდ, მათთვის მტკივნეული იყო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი  თანხის დაგვიანებით გადახდის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც   ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, თანხის გადახდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა მოხდეს. გარდა ამისა, ბიზნესმენები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას პირგასამტეხლოს არაპროპორციულ ოდენობასთან დაკავშირებით, რისი გაუმართლებლად მაღალი ოდენობით დაწესებაც სააგენტოს რეკომენდაციით   შეიზღუდა“, - განაცხადა ნანობაშვილმა.
შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა მოისმინეს ის სიახლეები, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ბოლო პერიოდში დანერგა. კერძოდ, ეს ეხება ორ ეტაპიან ტენდერს, ტენდერის გამოცხადებას დაფარული მონაცემებით, რაუნდების გარეშე, „თეთრ სიაში“ ბიზნესმენთა შეყვანის უფრო სამართლიანი კრიტერიუმების დაწესებას, ასევე ამხანაგობის შექმნისა და ახლადდაფუძნებული ამხანაგობით ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობის გაჩენას. ბიზნესმენებმა შეხვედრაზე კონკრეტულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.  
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები.
შემდეგი, მეცამეტე შეხვედრა ჩატარდება 26 ოქტომბერს.  შეხვედრაზე მოწვეულები იქნებიან განათების სფეროს წარმომადგენლები, კერძოდ, გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებლები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.