სიახლეები/განცხადებები   ლევან რაზმაძემ ბიზნესმენებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
22.12.2016
  
 
ლევან რაზმაძემ ბიზნესმენებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ ბიზნესმენებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ლევან რაზმაძემ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრას მცირე და საშუალო საწარმოთა, ბიზნესგაერთიანებათა და ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ლევან რაზმაძის განცხადებით, სააგენტოს მიერ განხორციელებული  ყველა ცვლილება ბიზნესის საკეთილდღეოდ გატარდა. მისივე თქმით, ამოქმედდა სამი ახალი პლატფორმა, სატესტო რეჟიმში გაეშვა ელექტრონული სატენდერო დოკუმენტაციის შევსების ახალი ფორმა, რათა ნაკლები შეცდომები იყოს, როგორც შემსყიდველების, ასევე მიმწოდებლების მხრიდან. „სააგენტოს ასევე დაგეგმილი აქვს გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რათა დავების საბჭოში გასაჩივრების პროცედურა უფრო მოქნილი გახდეს.  შეხვედრის მიზანია დაიგეგმოს, როგორ სამუშაო ფორმატში გაგრძელდება ბიზნესმენებთან მომავალ წელს ურთიერთობა“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ. 

შეხვედრაზე მთავრობის რეფორმების ახალი ოთხპუნქტიანი გეგმის გარშემო მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ილია ბეგიაშვილმა ისაუბრა. 
მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვები რეფორმების ერთ-ერთი ქვაკუთხედია, ვინაიდან სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს სახელმწიფო შესყიდვებში. „ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს თანხები მიზანმიმართულად, ტრანსპარენტულად აღწევს ყველა იმ ინდივიდამდე, ვისზეც არის გათვლილი, ხელს უწყობს ბიზნესის შემდგომ სტიმულირებას, განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, მთლიანად ეკონომიკის მდგრადობას“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი დანიელ გახარია, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი და ICT ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი გიგა შუბითიძე გამოვიდნენ.
შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. ბიზნესმენებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრის თანაორგანიზატორი იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. ღონისძიება USAID Project Governing for Growth (G4G) in Georgia მხარდაჭერით გაიმართა.

წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე სხვადასხვა დარგის ბიზნესმენებს თვეში ორჯერ ხვდებოდა და სააგენტოში არსებულ სიახლეებს აცნობდა, მათ მოსაზრებებს და შენიშვნებს კი სააგენტო ითვალისწინებდა. სააგენტოში მიმდინარე წელს სხვადასხვა სფეროს მიმწოდებლებთან სულ 16 შეხვედრა ჩატარდა. ბიზნესმენებთან შეხვედრები მომავალ წელსაც გაგრძელდება. ასევე შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრებიც იქნებიან კონკრეტული დარგების სპეციალისტები.

IMG_8011.JPG