სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080164302905218
 
# 357 01 / თებერვალი / 2018 წ.
 
 
 შპს „ბლექ-სი+“-ის გაფრთხილების შესახებ
 

შემსყიდველი ორგანიზაცია: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი;

ტენდერის ნომერი: NAT170007564;

შესყიდვის ობიექტი: 45200000 – მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები;

მიმწოდებელი: შპს „ბლექ-სი+“ (ს/კ: 445459174);

წერილობითი შეტყობინების საფუძველი: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება

1.1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 28 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 28 დეკემბრის №2515 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №11849), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ბლექ-სი+“-ის (ს/კ: 445459174) მიერ NAT170007564 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2017 წლის 18 აგვისტოს №286 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

1.2. შპს „ბლექ-სი+“-ს სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის adjarian.business@gmail.com მეშვეობით, 2018 წლის 4 იანვრის №20 წერილით აცნობა შემსყიდველი ორგანიზაციის შეტყობინების წარმოდგენის თაობაზე და, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სთხოვა ხსენებულ საქმეზე წერილობითი განმარტების წარმოდგენა. მიმწოდებელს განმარტება არ წარმოუდგენია.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის პოზიცია

შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინების თანახმად, მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა 2017 წლის 18 აგვისტოს №286 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მან, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ვალდებულებები შეასრულა არასრულად და ვადაგადაცილებით, რის გამოც ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა და მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 5 701,53 ლარის ოდენობით.

3. მიმწოდებლის პოზიცია

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმწოდებელს განმარტება არ წარმოუდგენია.

4. სააგენტოს მიერ დადგენილი გარემოებები

4.1. 2017 წლის 6 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებამ – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა გამოაცხადა NAT170007564 ელექტრონული ტენდერი მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოებისა და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების (CPV45200000) შესყიდვის მიზნით.

4.2. სატენდერო კომისიის 2017 წლის 11 აგვისტოს №270-3 სხდომის ოქმით, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ბლექ-სი+“ (ს/კ: 445459174) და მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად.

4.3. 2017 წლის 18 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა №286 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მიმწოდებელს უნდა დაეწყო ვალდებულებების შესრულება 3 კალენდარული დღის ვადაში და დაესრულებინა მისი გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 58 999,95 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2017 წლის 30 ნოემბერი.

4.4. 2017 წლის 1 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული №1 შეთანხმების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 5 დეკემბერი.

4.5. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად, მიმწოდებელმა შეასრულა 55 112,68 ლარის ღირებულების ვალდებულებები (ხელშეკრულების ღირებულების 93%).

4.6. შემსყიდველი ორგანიზაციის 2017 წლის 29 აგვისტოს, 19 სექტემბრის, 18 ოქტომბრისა და 22 დეკემბრის №1710, №1934, №2146 და №2471 წერილებიდან ირკვევა, რომ მიმწოდებელმა ვალდებულებების შესრულება დაიწყო ვადაგადაცილებით. ამასთან, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მიმწოდებელმა ვალდებულებები შეასრულა არასრულად და ვადაგადაცილებით, რის გამოც ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა და მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 5 701,53 ლარის ოდენობით.

სამოტივაციო ნაწილი

5. შემაჯამებელი დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააგენტო მიიჩნევს, რომ შპს „ბლექ-სი+“-ს უნდა მიეცეს გაფრთხილება.

6. გამოყენებული სამართლებრივი აქტები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობები“.

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

7.2. იმავე წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.

7.3. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, მან ვალდებულებების შესრულება დაიწყო ვადაგადაცილებით. ამასთან, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მიმწოდებელმა ვალდებულებები შეასრულა არასრულად და ვადაგადაცილებით, რის გამოც ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა. ამდენად, არსებობს მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი.

7.4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას.

7.5. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე.

7.6. სააგენტო მიიჩნევს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინება აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, სააგენტო ითვალისწინებს მიმწოდებლის მიერ შესრულებული ვალდებულებების მოცულობას (ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 93%) და მიიჩნევს, რომ, ამ ეტაპზე, შპს „ბლექ-სი+“-ის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი და მიზანშეწონილია მის მიმართ გაფრთხილების გამოყენება.

სარეზოლუციო ნაწილი

სააგენტომ იხელმძღვანელა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით და დაადგინა:

1. შპს „ბლექ-სი+“-ს (ს/კ: 445459174) 2018 წლის 1 თებერვალს მიეცეს გაფრთხილება.

2. დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს სააგენტოს ვებგვერდზე შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე