სიხლეები   საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა
25.07.2022
  
 

 

 

 

ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი გაიხსნა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება ამ სიახლის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2022 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა. აღნიშნულს საფუძვლად დაედო ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი პირველი ეტაპის ვალდებულებების წარმატებით შესრულება საჯარო შესყიდვების სფეროში. ამ დრომდე ქართულ კომპანიებს ჰქონდათ სამართლებრივი შეზღუდვა,  მონაწილეობა მიეღოთ ევროპულ ტენდერებში. ეს მოვლენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ  საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის  შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ტენდერებში და ამ  ბაზარზე გაუწიონ  სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს. საგულისხმოა, რომ ევროპაში ყოველწლიურად დაახლოებით 250 ათასი შემსყიდველი ორგანიზაცია ყიდულობს საქონელსა და მომსახურებას დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს ჯამური თანხის ოდენობით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

 

https://ted.europa.eu/TED/browse/browseByMap.do