სიხლეები   ​შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ფარმაცევტული მომსახურებებისა და პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და სახარჯი მასალების მიმწოდებლებთან
25.05.2016
  
 

შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ფარმაცევტული მომსახურებებისა და პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და სახარჯი მასალების მიმწოდებლებთან


2016 წლის 25 მაისს გაიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის რიგით მეორე შეხვედრა ბიზნესმენებთან - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ფარმაცევტული მომსახურებებისა და პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და სახარჯი მასალების მიმწოდებლებთან. შეხვედრას აღნიშნულ ბაზარზე მოქმედი 25-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეხვედრაზე ბიზნესმენებმა ისაუბრეს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში წამოჭრილ სირთულეებსა და პრობლემებზე.
”დღეს მეორე შეხვედრაა მიმწოდებლებთან - ფარმაციის, ფარმინდუსტრიის, ფარმაცევტული მომსახურეობის, სამედიცინო მომსახურეობის და სამედიცინო ტექნიკის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებთან. ჩვენ მათი პრობლემების მოსმენის, იდენტიფიცირებისა და მოგვარების მიზნით ვხვდებით კომპანიებს. პირველი შეხვედრიდან, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა, სხვადასხვა კითხვები დაისვა და ამ მოკლე დროში უკვე კონკრეტული შედეგები დაიდო. მიმწოდებლებს ჰქონდათ პრეტენზიები, რომ თანხის გადახდები გვიანდებოდა შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან, რადგან არსად იყო გაწერილი, ამ თანხას ერთ თვეში გადაიხდიდა თუ რა დროში. შევიმუშავეთ რეკომენდაცია, რომ სავარაუდოდ ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და სხვა ყველა დოკუმენტის გაფორმების პროცედურებიდან სავარაუდოდ 10 დღის განმავლობაში მოხდეს თანხის ანაზღაურება. მიმწოდებლების პრეტენზია ეხებოდა, ასევე, არაადექვატური ჯარიმების ოდენობას, როცა ვერ ხდებოდა ვალდებულების შესრულება მიმწოდებლის მხრიდან. ამის თაობაზე უკვე მომზადებულია რეკომენდაცია, რომლის განხილვაც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. უცხო ქვეყნების პრაქტიკიდან გამომდინარე ვნახეთ ქეისები, როცა გამოცხადებულ სავარაუდო თანხას აღემატებოდა უკვე დარიცხული ჯარიმები, ეს ცუდია, არასწორია და ჩვენ მივუთითეთ, რომ სავარაუდოდ 20 ან 30 %-ს არ აცდეს ჯარიმა. პირველი შეხვედრების შედეგები ეს იყო”, - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ.
 ბიზნესსაზოგადოებასთან დიალოგს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი ილია ბეგიაშვილიც ესწრებოდა.
”ყველა ის პროცესი, რაც მიმდინარეობს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, საქართველოს მთავრობის ინტერესის და ყურადღების სფეროშია და მონიტორინგის ქვეშ არის. თვენახევრის წინ შესყიდვების სააგენტოს ინიციატივით შედგა პირველი შეხვედრა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან, და იქვე გაჟღერდა ინიციატივა, რომ მსგავსი შეხვედრები იყოს უფრო ინტენსიური. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს, საკმაოდ დიდ შესყიდვებს ახორციელებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მიზნობრივად იხარჯება ეს თანხები, რას ფიქრობს ბიზნესი ამ თანხების ხარჯვაზე და რა პრობლემები აქვთ მათ. მსგავსი შეხვედრების მეშვეობით მთავრობას აქვს საშუალება ”ბიზნესის პულსზე ჰქონდეს ხელი. მთავრობის ადმინისტრაცია მიესალმება და მხარს უჭერს ამ ინიატივას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობაც, აქ წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაზე, იქნება მხარდაჭერილი მთავრობის მხრიდან. მსგავსი შეხვედრები ეფექტურია მყისიერი რეაგირებისთვის ამა თუ იმ პრობლემაზე,“ - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.
შემდგომი შეხვედრები დაიგეგმა ივნისის თვეში  - 8 ივნისს გაიმართება მესამე შეხვედრა, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან. ხოლო ივნისის ბოლოს, 22 ივნისს - კომპიუტერული ტექნიკის, სახარჯი მასალებისა და მოწყობილობების, საოფისე ტექნიკის მიმწოდებელ ორგანიზაციებთან შედგება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მეოთხე შეხვედრა.
ინფორმაცია განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე, გავრცელდება მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით.