საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელების შემდეგ, საჯარო შესყიდვის სპეციალისტები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან.
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროეტთა პაკეტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.
საკითხი კომიტეტის სხდომაზე საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ და სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლაცაბიძემ წარადგინეს.
როგორც მომხსენებლებმა განმარტეს, საკანონმდებლო ცვლილებები საჯარო შესყიდვებში გაზრდის მოხელეთა კვალიფიკაციის დონეს და სერტიფიცირებული სპეციალისტების დასაქმებას შეუწყობს ხელს.
ასევე, პროექტით, შავ სიასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად დარეგულირდება.
მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ პარლამენტის კომიტეტებში განხილვისას გამოთქმული შენიშვნების დიდი ნაწილი წარმოდგენილ ვერსიაში უკვე ასახულია.
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ შემუშავებული ცვლილებებით კარდინალურ რეფორმას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები და შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი. მათ შორის, ინერგება ევროკავშირის დირექტივებით გათვალისწინებული ახალი ინსტიტუტები. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შედეგად, სრულყოფილად შესრულდება ასოცირების შეთანხმებითა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) ნაკისრი ვალდებულებები საჯარო შესყიდვების სფეროში“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.
კანონპროექტის მიღება ასევე ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
კანონის ამოქმედების ვადად 2025 წელია განსაზღვრული. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტთა პაკეტს.