სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის ანგარიში
21.12.2022
  
 

 

 

სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის ანგარიში“ განხილვის მთავარი თემა იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე.

 

დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა მიმდინარე წლის ბოლო სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

„სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის ანგარიში“ ჯგუფის წევრებს სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შეყილაძემ გააცნო.

 

მისი თქმით, ესაა სისტემური ეგრეთწოდებული ჰორიზონტალური, შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელიც პრაქტიკაში 2018 წლიდან დაინერგა.

 

შესწავლილი იყო 22 აუდიტის ობიექტი შესყიდვების მიმართულებით. განხილვაში შესაბამისი აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდა 10 სამინისტრო, სამინისტროს დაქვემდებარებული 9 დაწესებულება და 3 სახელმწიფო უნივერსიტეტი. აუდიტის საგანს წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების მართვის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმებთან. აუდიტის ფარგლებში გაიცა 7 რეკომენდაცია.

 

მომხსენებელმა ჯგუფის წევრებს შესყიდვების საჭიროების განსაზღვრის, ბაზრის კვლევის, შესყიდვების საგნის აღწერის, პრეტენდენტთა მიმართ მოთხოვნების, მიმწოდებლის შერჩევა-შეფასების და გამარტივებული შესყიდვების აუდიტის ძირითად მიმართულებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

დეპუტატებმა კონკრეტული რეკომენდაციების შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს და მათი შესრულების მიმდინარეობით დაინტერესდნენ. რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, განხორციელდება როგორც საპარლამენტო კონტროლი, ასევე ზედამხედველობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან.