სიხლეები   დეპუტატებმა საქართველოში დეკარბონიზაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს
21.12.2022
  
 

 

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივი თემატური მოკვლევის - „საქართველოში დეკარბონიზაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების“ - შესახებ იმსჯელეს.

 

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ აღნიშნა, სახელმწიფო უწყებებთან, კერძო სექტორთან და ექსპერტებთან თემატური მოკვლევის ფარგლებში შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, ასევე, გაანალიზდება არსებული მდგომარეობა, რა გაკეთდა და რა ნაბიჯებია გადასადგმელი მიზნობრივი მაჩვენებლების მისაღწევად.

 

მოკვლევის ჯგუფის წევრის, ხატია წილოსანის ინფორმაციით, ღონისძიებაში ყველა ის უწყება მონაწილეობდა, რომელსაც ევალება პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად გარკვეული სამოქმედო გეგმის შემუშავება.

 

„პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად გარკვეული სამოქმედო გეგმის შემუშავება ევალება უწყებებს იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ,“ - განაცხადა ხატია წილოსანმა.

 

 

თემატური მოკვლევა 2022 წლის 20 ივნისს დაიწყო და „გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

 

მოკვლევა მიზნად ისახავს საქართველოში დეკარბონიზაციის პოლიტიკის მიზნების მიღწევისთვის არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას.

 

თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები საჯაროდ არის გამოქვეყნებული.

 

მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული კითხვარი 40-მდე ორგანიზაციას გაეგზავნა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს ასოციაციებს, სამეცნიერო ცენტრებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, აკადემიური წრის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

 

შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილია სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტებისაგან.

 

თემატური მოკვლევა ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ.