სიხლეები   საქართველოს უწყებათაშორისმა დელეგაციამ ბრიუსელში, ევროკომისიასთან გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კონსულტაციები დაიწყო
30.03.2023
  
 

 

 

საქართველოს უწყებათაშორისმა დელეგაციამ ბრიუსელში, ევროკომისიასთან გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კონსულტაციები დაიწყო

საქართველოს უწყებათაშორისმა დელეგაციამ ბრიუსელში, ევროკომისიასთან გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კონსულტაციები დაიწყო

ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას ხელმძღვანელობით, საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატისა (DG NEAR) და სხვადასხვა სექტორული სამსახურის (DG) წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართა.

 

აღნიშნული ვიზიტით დაიწყო გაფართოების პაკეტის ფარგლებში ევროკომისიასთან უწყებათაშორისი კონსულტაციები, რომელთა მიზანია კონკრეტული ნაბიჯებისა და ღონისძიებების შეთანხმება მეტი სექტორული და ინსტიტუციური დაახლოებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

 

შეხვედრებისას განხილულ იქნა ამ პროცესში ევროკომისიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობა. კონსულტაციებზე მხარეებმა განიხილეს გაფართოების პროცესში ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქართველოს მონაწილეობის თანდათანობით გაღრმავება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ევროკავშირთან ვაჭრობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სოციალური საკითხების, დასაქმების, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური მომსახურების, რეგიონული განვითარების, გარემოს დაცვის, კონკურენციისა სხვა მიმართულებებით. ეს პროცესი ეფუძნება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებს და მომავალში წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილს. გაფართოების პაკეტის ფარგლებში, გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაციები. მათ შორის, უახლოეს თვეებში დაიგეგმა ევროკავშირის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა თემატური ვიზიტი საქართველოში.

 

უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა.

 

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

 

ამ გადაწყვეტილებით საქართველომ ასოცირებული ქვეყნებიდან გადაინაცვლა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის (პაკეტის) ქვეყანათა რიგებში და, შესაბამისად, ქვეყანა, ასოცირების შეთანხმების მიღმა, ეტაპობრივად განახორციელებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან (EU acquis) სრულ დაახლოებას.