სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების საყურადღებოდ!
10.08.2021
  
 

გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ ზოგიერთ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. კერძოდ, „თეთრი სიის წარმოების წესსა და პირობებში“, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესსა“ და „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესსა და პირობებში“, ასევე „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“. განხორციელებული ცვლილებებით დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციების, ასევე მიმწოდებლების მიერ შესასრულებელი მთელი რიგი ვალდებულებები. კერძოდ:

 

Ø  თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი გათავისუფლდება არა ყველა სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტის შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წარდგენის ვალდებულებისაგან, არამედ მხოლოდ იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულებისგან, რომელთა სააგენტოში წარდგენაც სავალდებულოა თეთრ სიაში დასარეგისტრირებლად/რეგისტრაციის ვადის გასაგრძელებლად. შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იქნება, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს მხოლოდ ის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის/რომელთა წარდგენა, კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო არ არის თეთრ სიაში დარეგისტრირების/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით;

 

Ø  დისკვალიფიკაციის სამართლებრივ საფუძველად განისაზღვრება არა მარტო პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების სატენდერო/საკონკურსო პირობებთან შეუსაბამობა, არამედ, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემებისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო/საკონკურსო პირობებთან შეუსაბამობა;

 

Ø თუ პრეტენდენტი, მის მიერ სისტემაში ატვირთული დოკუმენტის/ინფორმაციის გადახაზვით, უარს იტყვის ამავე დოკუმენტზე/ინფორმაციაზე მისი წარდგენისთვის კანონმდებლობით ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი/ინფორმაცია ჩაითვლება სატენდერო/საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად ან/და სატენდერო/საკონკურსო წინადადების სახით წარდგენილად. ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტს/ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაცია შეაფასებს მხოლოდ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის ფაქტის არსებობის/არარსებობის დადგენის მიზნით. ამავდროულად, დაუშვებელია აღნიშნულ დოკუმენტს/ინფორმაციას დაეფუძნოს შემსყიდველი ორგანიზაციის ისეთი გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც შეიძლება ამავე პრეტენდენტთან დაიდოს ხელშეკრულება;

 

Ø იზრდება შეწყვეტის ოქმის დასაბუთების სტანდარტი და შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება შეწყვეტის ოქმში მიუთითოს ის კონკრეტული გარემოებები და არგუმენტები, რომლებმაც განაპირობა ტენდერის/კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობა;

 

Ø თეთრ სიაში დასარეგისტრირებლად/რეგისტრაციის ვადის გასაგრძელებლად სავალდებულო აღარ იქნება სააგენტოსთვის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა. ამასთან, რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია გადახდისუუნარობა დადასტურდება მხოლოდ ამონაწერით. მიმწოდებელს რჩება ამონაწერის განახლების ვალდებულება და სააგენტო თავად გადაამოწმებს, როგორც ამონაწერის განახლების ფაქტს, ისე რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას;

 

Ø თეთრ სიაში დასარეგისტრირებლად/რეგისტრაციის ვადის გასაგრძელებლად მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ცნობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების შესახებ გაცემული უნდა იყოს თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ მომართვის სააგენტოში წარდგენის დღემდე არაუგვიანეს 1 თვით ადრე;

 

Ø თეთრ სიაში დასარეგისტრირებლად/რეგისტრაციის ვადის გასაგრძელებლად მიმწოდებელს აღარ ექნება საგადახდო დავალებების წარმოდგენის ვალდებულება. სააგენტო ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების ფაქტს დაადგენს სისტემაში ასახული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციით.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ ხსენებული ცვლილებები ამოქმედდება 2021 წლის 1 სექტემბრიდან.

 

 

 

 

მიბმული ფაილები