საქართველოში პირველი ელექტრონული ტენდერი წარმატებით დასრულდა

საქართველოში პირველი ელექტრონული ტენდერი წარმატებით დასრულდა

16 ნოემბერი 2010

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული პირველი ელექტრონული ტენდერი წარმატებით დასრულდა. ელექტრონული შესყიდვების სისტემით სატენდერო პროცედურები 20 დღეში დასრულდა.

დოკუმენტაციის (2 მილიონი გვერდი) დასკანერების მომსახურების შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერი 25 ოქტომბერს გამოაცხადა და გამარჯვებულთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, მომსახურების ხელშეკრულება 12 ნოემბერს გააფორმა.

ყველა სატენდერო პროცედურა ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისიტემის პილოტურ ვერსიის საშუალებით www.tenders.spa.ge, სადაც განთავსდა სატენდერო განცხადება და დოკუმენტაცია, პრეტენდენტის შეთავაზება, ვაჭრობის შედეგები, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმები და მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება.

აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის, რაც სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს მაქსიმალურად გამჭირვალეს ხდის და პრაქტიკულად გამორიცხავს კორუფციის შესაძლებლობას.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა ამარტივებს ბიუროკრატიულ პროცედურებს და იწვევს  ტენდერთან დაკავშირებული  ხარჯებისა და დროის მნიშვნელოვან ეკონომიას.

”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებით, 2010 წლის პირველი დეკემბრიდან ყველა სახელმწიფო ტენდერი ელექტრონული ფორმით განხორციელდება, ხოლო პირველ დეკემბრამდე ამ სისტემის გამოყენება ნებაყოფლობითია.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განხორციელებული მასშტაბური რეფორმის შედეგია. რეფორმიპროცესში სააგენტომ დასავლეთის წამყვანი ქვეყნების გამოცდილება გაითვალისწინა.