სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აგრძელებს ადაპტაციას პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების მიმართ და ნერგავს სხვადასხვა ინოვაციურ სასწავლო კურსს და მეთოდიკას თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით.
ასე მაგალითად, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში სააგენტოს სასწავლო ცენტრში ჩატარდა ონლაინ ტრენინგების მორიგი ციკლი სრულიად ახალი მიდგომებით და კარდინალურად ახალი პროგრამით. ეს სამი, ახლად ჩამოყალიბებული პროგრამა დაეფუძნა ზაფხულში ჩატარებულ გამოკითხვას, რომელმაც მოიცვა რამდენიმე ასეული საჯარო მოსამსახურე და ფოკუსირდა შემსყიდველი ორგანიზაციების მიმდინარე გამოწვევებსა და გადაუდებელ საჭიროებებზე. შესაბამისად, სასწავლო ცენტრმა საგანგებო რეჟიმში მოამზადა
და ჩაატარა ტრენინგების ციკლი 3 ახალი პროგრამით:
• „გამარტივებული შესყიდვები: არსებული გამოწვევები, რისკები და რეკომენდაციები“;
• „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი და სააგენტოს რეკომენდაციები“;
• „ელექტრონულ სისტემაში ჩაშენებული შესყიდვის მეთოდებისა და პროცედურების აღწერა და შედარებითი ანალიზი“.
თითოეული მათგანი შედგენილია სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტების მოთხოვნებისა და ინტერესების სრული გათვალისწინებით. ამ ახალმა სასწავლო კურსებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სარგებლობდა განსაკუთრებული ყურადღებით და დასწრებით.
ხოლო, უკვე 1 ნოემბრიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრმა განაახლა საბაზისო ტრენინგების კურსი დისტანციური სწავლების რეჟიმში. ტრენინგების ბენეფიციარები არიან სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული იურიდიული პირების (სსიპ-ების, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) საჯარო შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტები, ასევე სხვა საჯარო მოსამსახურეები, ვისი საქმიანობაც ირიბად დაკავშირებულია ქვეყანაში საჯარო შესყიდვების პროცესთან.
მიმდინარე ტრენინგების ყველა სასწავლო სესია დასრულდება კითხვა-პასუხის რეჟიმით. ტრენინგებს შეუძლიათ დაესწრონ ადრე კურსდამთავრებულებიც და უკვე სერთიფიცირებული მოხელეებიც. ტრენინგებს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები - სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
ტრენინგებზე დასწრება უფასოა და ხდება წინასწარი რეგისტრაციით (http://procurement.gov.ge/ka/page/registration).
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვარ - ოქტომბერში სასწავლო ცენტრმა ჩაატარა ონლაინ ტრენინგების 43 ნაკადი ZOOM პლატფორმის მეშვეობით. ჯამში გადამზადდა და პროფესიული კვალიფიკაცია აიმაღლა 1116 მსმენელმა ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულებებისა და სახელმწიფო საწარმოების ფართო სპექტრიდან.