სიხლეები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
27.10.2025
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში და გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში.

 

განხორციელებული ცვლილებების თანახმად:

 

Ø  მიმწოდებელმა, თეთრ სიაში დარეგისტრირების მიზნით, სააგენტოს უნდა წარუდგინოს სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციისაგან მიღებული არანაკლებ სამი ცნობა, მის მიერ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით (ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა შეადგენდეს 50 000 ლარზე ნაკლებს – საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, ხოლო 200 000 ლარზე ნაკლებს – სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში) ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების შესახებ. აღნიშნული ცვლილება გავრცელდება 2025 წლის 28 ოქტომბრიდან წარმოდგენილ მომართვებზე;

 

Ø  ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ან/და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში ხელახლა წარდგენის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიას ან/და მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას სრულად, თუ:

 

ა) ამოწურულია მისი თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა ან გაუქმებულია მისი თეთრ სიაში რეგისტრაცია;

 

ბ) იგი დარეგისტრირებულია თეთრ სიაში, თუმცა თავდაპირველი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ან/და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისას (არსებობის შემთხვევაში) იგი არ იყო დარეგისტრირებული თეთრ სიაში.

 

აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება 2025 წლის 28 ოქტომბრიდან.

Ø  იცვლება ე.წ. „საავანსო გარანტიის“ წარდგენის წესი და გარანტიის ოდენობა  დიფერენცირებული იქნება წლების მიხედვით. კერძოდ, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას, 2026 წლიდან წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის 60%-ის ოდენობის გარანტიას, 2027 წლიდან – 70 % ოდენობის გარანტიას, ხოლო 2028 წლიდან 80%-ის ოდენობის გარანტიას. აღნიშნული ცვლილება ეხება ე.წ. „საავანსო გარანტიას“ და არა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას.

 

გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.