სიხლეები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
31.08.2026
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში 2026 წლის 28 მაისს განხორციელებულ ცვლილებებთან (N1627-Vმს-XIმპ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მომზადებული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებები. აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მოწესრიგდა ეკონომიკური ოპერატორის მიერ სახელმწიფო შესყიდვებში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენების საკითხები და შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილება მოითხოვოს ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან/და დამფუძნებლის ნასამართლობასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები, კერძოდ:

 

➢ თუ ეკონომიკური ოპერატორი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქვეკონტრაქტორის გამოყენებას აპირებს, ქვეკონტრაქტორი ვალდებულია, დადგენილი წესით, დარეგისტრირდეს სისტემაში;

 

➢ ეკონომიკური ოპერატორი უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორ(ებ)ს შესასრულებლად გადასცეს ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) სრული მოცულობა (100%), თუ სატენდერო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. (აღნიშნული დანაწესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ოპერატორი ეყრდნობა ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოცდილებას, ან/და მისი/მათი პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას);

 

➢ ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, დაეყრდნოს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოცდილებას, აგრეთვე მისი/მათი პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას შესასრულებელი სამუშაოს ან/და გასაწევი მომსახურების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) 60%-ის ფარგლებში (ჯამურად), მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულებს/შეასრულებენ იმ სამუშაოს ან/და გასწევს/გასწევენ იმ მომსახურებას, რომლის შესასრულებლადაც/გასაწევადაც საჭიროა ეს კვალიფიკაცია და გამოცდილება;

 

➢ სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, თუ მის მიერ სატენდერო წინადადების სახით ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია იქნება სატენდერო პირობებთან შესაბამისი, ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი უფლებამოსილია წარადგინოს, ან დაზუსტებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ან ახალი ქვეკონტრაქტორი ან, ქვეკონტრაქტორის საჭიროების არ არსებობისას, უარი თქვას შერჩევა-შეფასების ეტაპზე ქვეკონტრაქტორის წარდგენაზე.

 

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ასევე დარეგულირდა ძირითადი ეკონომიკური ოპერატორის პასუხისმგებლობის ფარგლები და ხელშეკრულების შესრულების შემდგომ ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული ვალდებულების ინსპექტირების პროცედურა, კერძოდ: 

 

• ქვეკონტრაქტორის გამოყენება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების შესრულების პასუხისმგებლობისაგან. მიმწოდებელი შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე თავად აგებს პასუხს;

 

• იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი, საბოლოოდ შესრულებული ვალდებულებები, აღემატება მის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების პროცენტულ მაჩვენებელს (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) ან/და კონკრეტულ/მნიშვნელოვან ნაწილს, ხელშეკრულება ჩაითვლება არაჯეროვნად შესრულებულად.

 

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მოწესრიგდა ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ სატენდერო პირობების დაკმაყოფილების საკითხი, აგრეთვე ეკონომიკური ოპერატორის მიერ ქვეკონტრაქტორის გამოყენების შემთხვევაში შესრულებული ვალდებულების გამოყენების ფარგლები. 

 

აგრეთვე, განისაზღვრა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან/და დამფუძნებლის მიერ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულ(ებ)ის ჩადენისთვის ნასამართლობასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნის უფლებამოსილება, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს.

 

ცვლილებების ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2026 წლის 1 სექტემბერი და გავრცელდება მისი ამოქმედების შემდგომ განხორციელებულ/გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. 

 

გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი