სიხლეები   მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ძალაში შევიდა მნიშვნელოვანი სიახლეები
08.09.2026
  
 

 

 

საქართველოს კანონმდებლობაში 2026 წლის მაისის თვეში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სექტემბრიდან სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ რეგულაციებს ორი მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა - დარეზერვებული შესყიდვების განხორციელების ახალი მექანიზმი და ქვეკონტრაქტორების გამოყენების ახალი წესები.

 

ცვლილების თანახმად, ნებისმიერი შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, გამოაცხადოს „დარეზერვებული ელექტრონული ტენდერი“. დარეზერვებული სახელმწიფო შესყიდვების მექანიზმის გამოყენება  შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება დასაშვებია მხოლოდ მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სფეროებში. აღსანიშნავია, რომ ამ რეფორმის და შესაბამისი მექანიზმის დანერგვა მრავალმილიარდიან სახელმწიფო შესყიდვებში სოციალური მიზნების გათვალისწინებასა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური და პროფესიული ჩართულობის ხელშეწყობას ემსახურება.

 

ასევე, ახალი რეგულაციები ამოქმედდა ეკონომიკური ოპერატორების მიერ ქვეკონტრაქტორების ჩართულობის, მათი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გამოყენების, ასევე ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებლობის თაობაზეც. სიახლე მიზნად ისახავს, მცირე და საშუალო ზომის ეკონომიკური ოპერატორების პირდაპირ ჩართულობას სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, მათი შესაძლებლობებისა და შემდგომში გამოცდილების ჩათვლის საკითხების მოწესრიგებას, რაც თავის მხრივ აქტიურად წაახალისებს მათ შორის უფრო მეტი ქართული კომპანიის პირდაპირ ჩართვას შესყიდვების პროცესში, აღნიშნული კი თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის ამაღლებასა და ქვეყანაში ადგილობრივი ინდუსტრიების გაძლიერებას.

 

ახალი რეგულაციების ეფექტიანად გამოყენებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, სააგენტო მიმდინარე პერიოდში ამუშავებს პრაქტიკაში გამოყენების რეკომენდაციებს. აღნიშნული დოკუმენტი უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.