ტენდერების კანონდარღვევით ჩატარების
გამო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ
2010 წელს სატენდერო კომისიის წევრების
წინააღმდეგ სასამართლოში 23 საქმე წარადგინა
შესყიდვებისას დაშვებული დარღვევების გამო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2010 წელს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მათი სატენდერო კომისიის წევრების წინააღმდეგ სასამართლოში 23 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წარადგინა.
22 ნოემბრის მდგომარეობით, სასამართლომ საჯარიმო სანქცია გამოიყენა 57 პირის მიმართ, ხოლო 30 სამართალდამრღვევის საკითხი კვლავ სასამართლო განხილვის ეტაპზეა. სასამართლოს მიერ უკვე დაკისრებული საჯარიმო სანქციის ჯამური მოცულობა შეადგენს 85 500 ლარს. აღსანიშნავია, რომ ჯარიმის თანხა, რომელიც თითოეულ შემთხვევაში შეადგენს 1500 ლარს, გადახდილი იქნა დაჯარიმებული თანამდებობის პირების საკუთარი შემოსავლებიდან.
სტატისტიკურად, შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ყველაზე ხშირად ადგილი აქვს შემდეგ დარღვევებს: სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევა ტენდერის, ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ\" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის სხვა საშუალებების თავიდან აცილების მიზნით, ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის განხორციელების საშუალებების იმ ფულადი ზღვრების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დადგენილია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ\" საქართველოს კანონით.
სახელმწიფო შემსყიდველების მხრიდან ასევე ხშირად ადგილი აქვს განცხადების, ან სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად შედგენას, სატენდერო კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების, საკვალიფიკაციო შერჩევისა და პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების ტენდენციურად შეფასებას და აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების წესების დარღვევას.
საქართველოში 5 000-ზე მეტი ორგანიზაციაა, რომელიც შესყიდვებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ\" საქართველოს კანონის მიხედვით აწარმოებს. 2010 წლის პირველი დეკემბრიდან აღნიშნულმა ორგანიზაციებმა შესყიდვები ელექტრონული ტენდერის (www.procurement.gov.ge) მეშვეობით უნდა განახორციელონ.