დღემდე სისტემაში რეგისტრაციის წესი განისაზღვრებოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
ახალი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების საჭიროება წარმოშვა ბოლო დროს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკის ანალიზმა.
ბრძანება დეტალურად ადგენს, თუ რომელი შემსყიდველი ორგანიზაციები ექვემდებარებიან სისტემაში რეგისტრაციას და რა პროცედურებია ამისთვის საჭირო. ბრძანება აგრეთვე არეგულირებს ბიზნესის წარმომადგენელთა ტენდერებში მონაწილეობისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, განსაზღვრავს სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებლების სახეებს და უფლებამოსილებებს, სტუმრის (არარეგისტრირებული მომხმარებელი) სტატუსს და ინფორმაციას, რომელსაც იგი ეცნობა სისტემაში, ასევე მომხმარებელთა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის წესსა და სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მნიშვნელოვანია რეგისტრირებული მომხმარებლის დეაქტივაციის საკითხი, რაც ნიშნავს მომხმარებლისთვის სისტემაში აქტიური (მოქმედი) სტატუსის ჩამორთმევას, იმ შემთხვევაში, როდესაც აღარ არსებობს ამა თუ იმ სუბიექტის შემსყიდველ ორგანიზაციად ან მიმწოდებლად სისტემაში რეგისტრაციის საფუძვლები. აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს იმას, რომ სისტემითა და შესაბამისი პრივილეგიებით არ ისარგებლონ არასათანადო პირებმა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ასეთი მომხმარებლებისგან სისტემის განტვირთვას და მისცემს სააგენტოს ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შეგროვების შესაძლებლობას.