
2026 წლის 23 იანვარს გაიმართა საერთაშორისო სემინარი მდგრადი, „მწვანე“ და ენერგო-ეფექტური საჯარო შესყიდვების (EEPP) შესახებ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინიციატივით და GIZ -ის „საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა - ECO Georgia” პროგრამასთან თანამშრომლობით მომზადდა ენერგო-ეფექტური საჯარო შესყიდვების (EEPP) შესახებ ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის მიზანია საჯარო შესყიდვების სფეროში ენერგო-ეფექტური შესყიდვების ოპერაციების თაობაზე არსებული პრაქტიკის შესწავლა, მისი შემდგომი განვითარების მიზნით. სემინარზე მოწვეულნი იყვნენ როგორც ცენტრალური ხელისუფლების მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაციები, ასევე რეგიონებიდან მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. სემინარზე განხილულ იქნა საქართველოში EEPP-ის არსებული დამკვიდრებული პრაქტიკისა და ტენდენციების ასპექტები, ასევე წარადგინეს შესაბამისი რეკომენდაციები ამ სფეროს შემდგომი განვითარებისთვის. დამსწრე საზოგადოებას გააცნეს აგრეთვე მდგრადი შესყიდვების სფეროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ახლად მიღებული წესები და რეგულაციები.