სიხლეები   „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა
28.02.2023
  
 

 

 

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე (https://matsne.gov.ge/document/view/5714621?publication=0) გამოქვეყნდა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი (№ 2549-XIმს-Xმპ) თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, რომელიც მიმდინარე წლის 9 თებერვალს იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. 

 

მიღებული კანონი, ერთის მხრივ, ქმნის განჭვრეტად და მოქნილ გარემოს საჯარო შესყიდვის პროცედურებში ბიზნეს-სუბიექტების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ხოლო, მეორეს მხრივ, განსაზღვრავს ეფექტიან მექანიზმებს საჯარო შესყიდვებისთვის განკუთვნილი სახსრების რაციონალურად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნათა დაცვით განსახორციელებლად. ამდენად, რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და ეფექტიანი ხარჯვის გაუმჯობესებას, საჯარო შესყიდვებში მონაწილე ბიზნეს-სუბიექტების რაოდენობის ზრდას, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას და ევრო-რეგულაციებისა და დირექტივების და სხვა საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, საჯარო შესყიდვების სისტემის კარდინალურ განახლებასა და მოდერნიზებას. ევროდირექტივების აპროქსიმაციის შედეგად განხორციელებული ცვლილებები, თავის მხრივ, დაეხმარება საქართველოს გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სპეციალიზებულ ორგანიზაციაში (GPA). 

 

საგულისხმოა, რომ კარდინალურ რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები, იცვლება შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი და ინერგება ახალი ინსტიტუტები, რაც მაქსიმალურად გააჯანსაღებს პროცესს, შეუსაბამებს მას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და მთლიანობაში, შექმნის საჯარო შესყიდვების ახალ და უფრო ეფექტიან ეკოსისტემას. აღსანიშნავია, რომ იცვლება თავად სფეროს დასახელებაც, კერძოდ, ტერმინი - „სახელმწიფო შესყიდვები“ ნაცვლდება ტერმინით - „საჯარო შესყიდვები“, რაც აზუსტებს პროცესს და ამავდროულად, წარმოაჩენს სფეროს ფართო მნიშვნელობას.

 

ხაზგასასმელია, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ინერგება საჯარო შესყიდვის ახალი პროცედურები და ინსტრუმენტები, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სექტორის კონსტრუქციულ და შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობას, რაც გააუმჯობესებს ბიზნესის საჯარო შესყიდვებში ჩართულობის პროცესს. კანონის სიახლეს წარმოადგენს ისეთი პროცედურები, როგორიცაა შეზღუდული პროცედურა, კონკურენტული დიალოგი, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა და ინოვაციური პარტნიორობა. აღსანიშნავია, რომ კონკურენტული დიალოგისა და ინოვაციური პარტნიორობის გამოყენებით შესყიდვის განსახორციელებლად სავალდებულო იქნება ფასის და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმის გამოყენება. რაც შეეხება საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტებს, კანონით შემოდის საჯარო შესყიდვის ისეთი ახალი ინსტრუმენტები, როგორებიცაა ჩარჩო შეთანხმება და დინამიკური შესყიდვის სისტემა, რაც უფრო მოქნილს გახდის საჯარო შესყიდვის პროცესს და ხელს შეუწყობს შემსყიდველი ორგანიზაციების ფუნქციონირების უწყვეტობას. 

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები შეიძლება დაეფუძნოს დაბალ ფასს, ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობას ან ეკონომიკურ ეფექტიანობას, როგორიცაა − სასიცოცხლო ციკლის დანახარჯი. საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები უნდა უზრუნველყოფდეს ეკონომიკურად ყველაზე მოგებიანი წინადადების გამოვლენას. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ კანონის მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარებისთვის ხელი შეწყობა საჯარო შესყიდვების განხორციელებისას გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით. ამასთან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, შესყიდვის პირობებში აგრეთვე გაითვალისწინოს მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი მახასიათებლები.

 

ხაზგასასმელია, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს არაერთ სიახლეს საჯარო შესყიდვების მომზადებასთან მიმართებით, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობასა და განსახორციელებელი შესყიდვების სწორად დაგეგმვას. სწორად დაგეგმილი შესყიდვები შემსყიდველ ორგანიზაციებს თავიდან ააცილებს შესყიდვების ხარვეზებით წარმართვას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, დადგინდება ბაზრის კვლევის წესი. შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციებს ექნებათ ბაზრის კვლევის დადგენილი წესით განხორციელების ვალდებულება. ამასთან, კანონის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება შესყიდვის პირობებში დაასაბუთოს საჯარო შესყიდვის ლოტებად დაყოფის შეუძლებლობა, თუ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების წლიური ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის მონეტარულ ზღვრებს. ამავდროულად, შემსყიდველ ორგანიზაციას დაინტერესებული ეკონომიკური ოპერატორების ინფორმირების მიზნით, უფლება ექნება, ელექტრონული სისტემის საშუალებით, წინასწარ გაავრცელოს ინფორმაცია კონკრეტული შესყიდვის შესახებ. დადგენილი წესით გამოქვეყნებული წინასწარი საინფორმაციო შეტყობინება, იძლევა საჯარო შესყიდვის პროცედურის მიმდინარეობის ვადების შემცირების შესაძლებლობას.

 

კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედების განსხვავებული თარიღები. კერძოდ, კანონპროექტის ძირითადი დებულებები ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვარიდან, ხოლო სხვა ცალკეული საკითხების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2027 და 2029 წელი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ 2029 წლიდან სავალდებულო იქნება საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირება. აღნიშნული ხელს შეუწყობს შესყიდვების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას, შემცირდება ხარვეზები და გაიზრდება მონაწილე მხარეების ნდობა სისტემის მიმართ, საჯარო შესყიდვების სპეციალისტების გადამზადება ხელს შეუწყობს შემსყიდველი ორგანიზაციების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და მთლიანობაში დაეხმარება რეფორმის სრულფასოვნად განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ სერტიფიკატს სერტიფიცირების საფუძველზე გასცემს სააგენტო.

 

საგულისხმოა ისიც, რომ 2027 წლიდან საქართველოს მთავრობის აქტით შეიქმნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომლის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს საქართველოს მთავრობა. აღნიშნულ ორგანოს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ექნება ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლებაც.