სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების პროცესებში ინერგება ახალი გამარტივებული ელექტრონული სერვისები
21.08.2025
  
 

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აგრძელებს რეფორმების კურსს და მარეგულირებელი გარემოს სრულყოფას, ასევე ამარტივებს მომხმარებლებისათვის არსებულ ბიზნეს-პროცესებსა და ელექტრონულ სერვისებზე მიღწევადობას.  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილ იქნა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა სამი  ნორმატიული აქტი, რითაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე 61 ათასზე მეტ ბიზნეს სუბიექტს საგრძნობლად გაუმარტივდებათ როგორც შემსყიდველ, ისევე საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა. რეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის / ე.წ. საავანსო გარანტიის წარდგენა შესაძლებელი ხდება ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. 

 

განხორციელებული ცვლილებების შედეგად:

 

• შესაძლებელი ხდება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის და საავანსო გარანტიის ელექტრონული სისტემის (https://tenders.procurement.gov.ge/) საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენა;

• ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს  კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი; 

• არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია/ე.წ. საავანსო გარანტია   შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით;

• რეზიდენტი პირის მიერ გაცემული გარანტიის შემთხვევაში, შესაძლებელია ორივე მეთოდით სარგებლობა – შემსყიდველ ორგანიზაციას გარანტია წარედგინება ბიზნესმენისათვის სასურველი და მოსახერხებელი ან  ელექტრონული, ან მატერიალური დოკუმენტის ფორმით;

• საგულისხმოა, რომ ელექტრონული ტენდერის/კონკურსის შემთხვევაში, მოხდება  პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ იქნება შესაბამისი საქართველოს კანონმდებლობასთან;

• ელექტრონული ტენდერის/კონკურსის შემთხვევაში, მატერიალური დოკუმენტის ფორმით წარდგენილ გარანტიას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (https://tenders.procurement.gov.ge/) ატვირთავს შემსყიდველი ორგანიზაცია. გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, ორივე ფორმით წარდგენილი გარანტია სისტემაში აიტვირთება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ.

 

ზემოთ აღწერილი ცვლილებების სრულად ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 20 ოქტომბერი; შესაბამისად სწორედ ამ თარიღისთვის იქნება დამატებული სათანადო ელექტრონული სერვისები სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (https://tenders.procurement.gov.ge/).

 

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული ნორმატიული აქტებია:

 

✓ სსიპ  –  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 20 აგვისტოს  ბრძანება №65 „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე -

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6608821?publication=0  

 

✓ სსიპ  –  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 20 აგვისტოს  ბრძანება №64 „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6608835?publication=0  

 

✓ სსიპ  –  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 20 აგვისტოს  ბრძანება №63 „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6608891?publication=0