სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი“, რომელიც დამტკიცებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება შემუშავებულ იქნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 12 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. საგულისხმოა, რომ აღნიშნული წესის თანახმად:
➢ კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ამ წესით განსაზღვრული ბაზრის კვლევის განხორციელების მეთოდების საშუალებით მოკვლეული ფასების საშუალო არითმეტიკულს. ამასთან, ამ წესის მიზნებისთვის, სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შესაძლებელია, განისაზღვროს მოკვლეული ფასებიდან მინიმალური ან მინიმალურზე დაბალი ფასითაც. აგრეთვე დადგინდა, რომ გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის ღირებულება განისაზღვრება ამ წესით განსაზღვრული ბაზრის კვლევის განხორციელების მეთოდების შესაბამისად მოკვლეული ფასებიდან მინიმალური ფასით;
➢ ბაზრის კვლევა შედეგიანად დასრულებულად ითვლება, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნა კმაყოფილდება მინიმუმ 2 (ორი) პოტენციური მიმწოდებლის მიერ;
➢ ბაზრის კვლევის შედეგები იურიდიული ძალის მქონეა ბაზრის კვლევის დასრულების თარიღიდან (ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის ,,ბაზრის კვლევა დასრულებულია” მინიჭებიდან) სამი თვის განმავლობაში. ამ ვადაში სახელმწიფო შესყიდვის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევას ახორციელებს თავიდან, კანონითა და ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით;
➢ ნორმატიულად განისაზღვრა ბაზრის კვლევის მეთოდები, როგორებიცაა MRS მოდულის სავალდებულო გამოყენება, პოტენციურ მიმწოდებლებთან კომუნიკაცია ან/და მათგან საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვა, ელექტრონული სისტემის გამოყენება, ღია კარის დღის ჩატარება და სხვა. ასევე განისაზღვრა ის შემთხვევები, რა დროსაც შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებულია გამოიყენოს MRS მოდული.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ცვლილება შევიდა „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში და დადგინდა შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილება, წლიური გეგმის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით ბაზრის კვლევის განხორციელებამდე, ჩაატაროს მოსამზადებელი სამუშაოები.
ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული ცვლილებები ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან.
გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.