სიხლეები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
01.06.2026
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში. განხორციელებული ცვლილების შედეგად:

 

✓ დგინდება დამატებითი გამონაკლისები კანონის მოქმედების სფეროდან. კერძოდ, კანონის მოქმედება არ გავრცელდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან იმ ექსკლუზიური მომსახურების შესყიდვაზე, რომლის გაწევის უფლებაც სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას კანონით ან კანონის შესაბამისად მიენიჭა. ასევე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არარეზიდენტი დაწესებულებისგან/საერთაშორისო ორგანიზაციისგან საერთაშორისო აკრედიტაციის/ავტორიზაციის/გარე შეფასების მოსაპოვებლად მომსახურების შესყიდვაზე. აგრეთვე – საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრებისა და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საწევრო/სარეგისტრაციო გადასახადის გადახდასთან დაკავშირებულ შესყიდვაზე. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა კანონის გამოქვეყნებისთანავე;

 

✓ განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვებში ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ხელშეკრულების ცვლილება შესაძლებელი იქნება ფასთა ინდექსაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის შესაბამისად. აღნიშნული ცვლილების ამოქმედების თარიღად გათვალისწინებულია 2026 წლის 1 ივნისი;

 

✓ ახლებურად ყალიბდება შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის („შავი სიის“) ცნება. კერძოდ, კანონი ითვალისწინებს, რომ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაცია ორი წლის ვადით. ამასთან, კანონის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა ან/და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ეკრძალება აგრეთვე იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი არის შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი, ასევე იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომელშიც შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს იგივე თანამდებობა უკავია ან/და ეს პირი ფლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ წილს; აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების თარიღად გათვალისწინებულია 2026 წლის 1 დეკემბერი;

 

✓ კანონით განიმარტება ქვეკონტრაქტორის ცნება და განისაზღვრება მისი გამოყენების სამართლებრივი ჩარჩო. კერძოდ, კანონი ითვალისწინებს ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების გამჭვირვალე და პროგნოზირებადი წესების ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქვეკონტრაქტორების შერჩევის, ჩართულობის ფარგლების, პასუხისმგებლობის განაწილებისა და კონტროლის მექანიზმების მკაფიო განსაზღვრას. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების თარიღად გათვალისწინებულია 2026 წლის 1 სექტემბერი; 

 

✓ განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების ახალი ინსტრუმენტები, რაც, თავისი არსით, გულისხმობს დამატებით საშუალებებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია წარიმართოს სახელმწიფო შესყიდვები. კერძოდ, კანონით გათვალისწინებულია სახელმწიფო შესყიდვის შემდეგი ინსტრუმენტები: ჩარჩოშეთანხმება და ელექტრონული კატალოგი. აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენებით შესყიდვის განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაციები და ეკონომიკური ოპერატორები შეძლებენ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსების დაზოგვას და მათ ეფექტიან გამოყენებას. აღნიშნული ცვლილების ამოქმედების თარიღად გათვალისწინებულია 2026 წლის 1 დეკემბერი;

 

✓ დგინდება სახელმწიფო შესყიდვების დარეზერვების მექანიზმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების (მათ შორის, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის) სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად; ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება დაიშვება მხოლოდ იმ სფეროებში, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება კანონის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს;

 

✓ განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილება, არ დაუშვას იმ პირების მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში, რომლებიც დაკავშირებული არიან კანონით განსაზღვრული კატეგორიის დანაშაულებებთან. კერძოდ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე, ასევე მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის მქონე დანაშაულებთან; აღნიშნული ცვლილების ამოქმედების თარიღად გათვალისწინებულია 2026 წლის 1 სექტემბერი;

 

✓ იცვლება გამარტივებული შესყიდვის მიმართ დღეს არსებული მიდგომა და გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე თავდაცვის ატაშესთვის 50 000 ლარამდე ღირებულების (ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის) საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება კანონის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 

გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.