სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს
ორი წევრის შერჩევის მიზნით, საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება დაიწყება 2015 წლის 7 აპრილს და დასრულდება 2015 წლის 23 აპრილს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის #1 ბრძანებით დამტკიცებული
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს საქმიანობის წესის“ თანახმად:
საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი და აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) იყოს პროფესიით იურისტი ან ეკონომისტი;
ბ) ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ) ფლობდეს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის საბაზისო ცოდნას.
საბჭოს წევრი ვერ იქნება პირი, რომელიც იკავებს საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას. შეუთავსებელ თანამდებობად და საქმიანობად ითვლება:
ა) შემსყიდველ ორგანიზაციაში დასაქმება ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველობა/პრეტენდენტობა/მიმწოდებლობა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის/პრეტენდენტის/მიმწოდებლის წარმომადგენლობა;
გ) კონსულტაციის გაწევა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/მიმწოდებლისთვის.
ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან დასაშვებია მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენა.
განაცხადი უნდა შეიცავდეს კანდიდატის შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილია გამოცხადებულ ვაკანსიაში. განაცხადების დადგენილ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებასა და გადარჩევას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს აპარატი.
საბჭოს წევრის კანდიდატის თაობაზე, განაცხადების მიღების შემდგომ ჩატარდება შერჩევა.
შერჩევის თარიღი დამატებით გამოცხადდება და ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ექნება მასში მონაწილეობის უფლება.
შერჩევის მონაწილეები ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ დავების საბჭოს წევრობის მათთვის მისაღებ კანდიდატებს.
საბჭოს წევრებად ინიშნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებსაც აირჩევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. არჩეული კანდიდატების სია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარეს, რომელიც სიის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს წარდგენილ კანდიდატებს საბჭოს წევრებად.
საბჭოს წევრი აირჩევა 1 წლის ვადით.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა.
საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
საკონტაქტო პირი:
ია შავერდოვი
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული
დავების განხილვის საბჭოს აპარატის წარმომადგენელი
ელ. ფოსტა
: ishaverdovi@spa.ge
www.procurement.gov.ge