სიხლეები   საჯარო შესყიდვების აქტუალურ ასპექტებზე ყოველწლიური საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია გაიმართა
07.11.2019
  
 
image.jpg






















6-7 ნოემბერს თბილისში საჯარო შესყიდვების აქტუალურ ასპექტებზე ყოველწლიური საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა საჯარო შესყიდვებში საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკაზე, ახალი ევროპული რეგულაციების მოთხოვნების უკეთ გაცნობაზე, საჯარო შესყიდვების მეშვეობით ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეძენაზე, დავების განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედების გამოცდილებაზე. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, შესყიდვების პროცესი არის გამჭირვალე და კონკურენტული.
“ჩემი მინისტრობის პერიოდში ალბათ მთავარი შედეგი არის ის, რომ დღეს არ გვაქვს საუბარი და მითქმა-მოთქმა ან შეკითხვები შესყიდვებთან დაკავშირებით. ინფრასტრუქტურის სამინისტროში შევცვალეთ ბევრი რამ ამ მიმართულებით, გავხადეთ ინფორმაცია თანაბრდ ხელმისაწვდომი და პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე. 40 ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული და ისინი გვიზიარებენ შესყიდვების საუკეთესო გამოცდილებას, რაც დაგვეხმარება სისტემა კიდევ უფრო კონკურენტული და კორუფციული რისკებისაგან დაცული გავხადოთ. ჩვენი სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველი უწყებაა საქართველოში და შესაბამისად, ამ სფეროს გამართული მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეგულარულად ვმართავთ ღია შეხვედრებს ბიზნესთან და ვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც შესყიდვების პროცესში მათთვის შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი. მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილში დაახლოებით 250 ახალი შემსყიდველი გვყავს და ეს რა თქმა, უნდა მეტყველებს იმაზე, რომ შესყიდვების პროცესი არის გამჭვირვალე,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების მოსმენა და გაზიარება მნიშვნელოვანია.
„40 ქვეყნის წარმომადგენელი თავიანთი ქვეყნების გამოცდილებასა და სისტემებში სიახლეებს გვიზიარებს ქართულ მხარეს. მინდა გითხრათ, რომ ქართული მხარე ამ გამოწვევას ხვდება მომზადებული და ჩვენ უამრავ სიახლეს წარვუდგენთ ჩვენს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს. ჩვენ ახლა ვართ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, აქედან გამომდინარე იმ რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების პროცესში ვართ, რაც ევროკავშირის წინაშე გაგვაჩნია", - განაცხადა ლევან რაზმაძემ.