სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენთა საყურადღებოდ!
22.04.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენთა საყურადღებოდ!

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით, გაიმართება რეგულარული შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან. თავმჯდომარის  გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეხვედრები ჩატარდება ორ კვირაში ერთხელ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფისში.
ბიზნესსაზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის დაწყების თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარემ  15 აპრილს ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ბიზნესმენებმა უშუალოდ მიაწოდონ თავმჯდომარეს ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. ამ შეხვედრებზე ბიზნესმენებს ექნებათ შესაძლებლობა, თავმჯდომარეს წარუდგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.
პირველი შეხვედრა გაიმართება 2016 წლის 11 მაისს 11:00 სთ-ზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8). დაგეგმილი შემდგომი შეხვედრების თარიღის შესახებ ინფორმაცია განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
შეხვედრებზე დასწრების მსურველებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 6 მაისისა, დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ეკა გაბადაძეს ნომერზე 577244454 ან ელექტრონულ ფოსტაზე: egabadadze@spa.ge