სიხლეები   კონკურსების იმპლემენტაციის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო
12.06.2015
  
 

     
                                                   

 

კონკურსების იმპლემენტაციის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცდა „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“. კონკურსი სახელმწიფო შესყიდვების მნიშვნელოვან სეგმენტს მოიცავს და იგი სახელმწიფო შესყიდვის ახალი საშუალებაა, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები.
კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ახალი წესი და პირობები ამოქმედდება 2015 წლის 1 ივლისიდან.
აქამდე კონკურსები ხორციელდებოდა ე.წ. „ქაღალდის“ მეთოდით - წინადადებების მიღება ხდებოდა ქაღალდის ფორმით, არ იყო გაწერილი კონკურსების ჩატარების წესები. ყოველივე ზემოაღნიშნული ართულებდა კონკურსების მონიტორინგის პროცესს.
დღეისათვის შექმნილია ინოვაციური ელექტრონული მოდული, რომელიც უზრუნველყოფს კონკურსების სრულად ელექტრონულად წარმართვას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ელექტრონული კონკურსებით, პრეტენდენტთა რანჟირება განხორციელდება როგორც ხარისხობრივი, ისე ფასის კრიტერიუმებით, რაც, შეიძლება ითქვას, რევოლუციური ცვლილებაა ამ კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება სისტემის მეშვეობით.
დანერგილი სიახლის გაცნობის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ  „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open government Partnership – OGP) ფარგლებში, დაიწყო შეხვედრების ციკლი შემსყიდველ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. ჩატარდება ხუთი შეხვედრა, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონის სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და შესყიდვების სპეციალისტებს.  
პირველი ასეთი შეხვედრა შედგა ბათუმში, 12 ივნისს, აჭარის რეგიონის სახელმწიფო ორგანიზაციების შესყიდვების სპეციალისტებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, თავმჯდომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სოფიკო ბერიშვილი, მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე გუგეშაშვილი, ექსპერტ-ანალიტიკოსი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი და სხვები.