სიხლეები   მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ სასწავლო ტური გაიმართა გერმანიაში
04.07.2023
  
 

 

 

 

 

პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფრომის განხორციელების ხელშეწყობა - ECO.Georgia“ - ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით მუშავდება ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული გაიდლაინები. ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების (EEPP) მიმართულებით თანამშრომლობა არის საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, ქვეყანაში მდგრადი და „მწვანე“ საჯარო შესყიდვების დანერგვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებული ენერგოეფექტურობის პოლიტიკის გატარების მიზნით.

 

EEPP სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 19-23 ივნისს ჩატარდა სასწავლო ტური გერმანიაში „ენერგეტიკული გადასვლის“ (energy transition) მაგალითების გასაცნობად და იმ პროცესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რომლებსაც მდგრადი საჯარო შესყიდვები მოითხოვს.

 

სასწავლო ტური გერმანიის საერთაშორისო თანამაშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და გერმანიის ენერგეტიკული სააგენტოს (dena) შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოეწყო და მასში  მონაწილეობდნენ საჯარო სექტორის წარმომადგენლები - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან.

 

სასწავლო ტურის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ენახათ მდგრადი პროექტების მაგალითები: გათბობის სისტემა პელეტების გამოყენებით ლაიფციგში და „ენერგო ბუნკერი“ https://www.internationale-bauausstellung-hamburg.de/  ჰამბურგში, ელექტროსადგური ენერგიის განახლებადი ფორმების გამოყენებით, გათბობის ინოვაციური და მდგრადი ენერგეტიკული კონცეფცია, რომელიც ამარაგებს ურბანულ დასახლებებს კლიმატისთვის ხელსაყრელი სითბოთი.

 

დელეგაციას dena-ს ოფისმა უმასპინძლა. ვიზიტის განმავლობაში სასწავლო ტურის წარმომადგენლებს შეხვდნენ სააგენტოს მმართველი დირექტორი, ქალბატონი კრისტინა ჰავერკამი, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) წარმომადგენლები და GIZ საქართველოს ოფისის დირექტორი სანდრა შენკე.

 

სასწავლო ტურის ფარგლებში გერმანიის სახელმწიფო და კერძო კომპანიების მონაწილეებმა, ასევე გერმანიის გარემოს დაცვის სააგენტოს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება მწვანე შესყიდვების სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ.

 

საქართველოსთვის EEPP სახელმძღვანელოს მომზადება 2023 წლის ბოლოს იგეგმება. 2024–2025 წლებში დაგეგმილია ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ტრენინგ-კურსები სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკოსებისთვის EEPP პოლიტიკის განსახორციელებლად.

 

პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციისა და საქართველოს მთავრობების მიერ და მას ერთობლივად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).