სიხლეები   საქართველომ პირველად “რეგიონალურ ფორუმს სამთავრობო შესყიდვებზე“ უმასპინძლა
22.09.2017
  
 
პირველად საქართველოში, საჯარო შესყიდვების თემაზე, მსოფლიო მასშტაბის ფორუმი გაიმართა. ფორუმი, რომლის სახელწოდებაა “რეგიონალური ფორუმი სამთავრობო შესყიდვებზე“,  19-22 სექტემბერს მიმდინარეობდა. აღნიშნული ფორუმი თბილისში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ეგიდით  ჩატარდა, ფორუმის თანაორგანიზატორი კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იყო.
ფორუმის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებიდან, 50 კაციანი დელეგაცია ეწვია. ფორუმს ესწრებოდნენ მსოფლიოში ავტორიტეტული ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, რომლებიც როგორც სამთავრობო შესყიდვების ეფექტიანობაზე, ასევე ამ სფეროს მეტ ტრანსპარენტულობასა და მის მონიტორინგზე მუშაობენ.
21 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ოფიციალური მიღება გაიმართა, სადაც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ორი ანიმაციური ფილმის ჩვენება მოეწყო.
ოქტომბრის დასაწყისში, 2-4 ოქტომბერს კი, „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ფორუმი - საჯარო შესყიდვების ელექტრონულ სისტემებზე“ ჩატარდება. თბილისს, ძირითადად აზიის რეგიონის ქვეყნებიდან, 120 კაციანი დელეგაცია ეწვევა. ფორუმის მთავარი ორგანიზატორია აზიის განვითარების ბანკი, თანამონაწილე კი მსოფლიო ბანკი. ამ დღეებში ძირითადი განსახილველი თემატიკა მიეძღვნება ელექტრონული შესყიდვების სრულყოფის საკითხებს.
აღნიშნული ფორუმები ყოველ წელს იმ ქვეყანაში ტარდება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროს რეფორმებითა და მოდერნიზაციის მიღწევებით გამოირჩევა. ეს შეხვედრები მსოფლიო კალენდარში ერთგვარი აღიარებაა საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმებისა, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, ასევე  ზოგადად დემოკრატიული მმართველობის ხაზგასასმელად.

1.jpg