სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა კიდევ უფრო გამარტივდა
30.08.2012
  
 

 

გამარტივდა თეთრ სიაში რეგისტრაციისათვის დადგენილი მოთხოვნები.

2012 წლის 29 აგვისტოდან იმისათვის, რომ მიმწოდებელს გაუჩნდეს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს თეთრ სიაში და ისარგებლოს კიდევ უფრო გამარტივებული პროცედურებით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას, სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები

თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის:

  • უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ უნდა იყოს რეგისტრირებული შავ სიაში;
  • უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) არსებულ შავ სიაში;
  • არ უნდა მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 დადებითი რეკომენდაცია შემსყიდველი ორგანიზაციისაგან მიმწოდებლის მიერ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. ასეთი ხელშეკრულების ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 50 000 ლარი;
  • მიმწოდებლის წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ ყველა პირის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი შესაბამის წესში ჩამოთვლილი დანაშაულებისათვის;
  • უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ბრუნვა;
  • არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე;
  • განახლებული უნდა ჰქონდეს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

 

ცვლილების შედეგად, ასევე დამტკიცებულ იქნა რეკომენდაციის ფორმა. იხილეთ ცვლილება შემდეგ ბმულზე: http://procurement.gov.ge

 

ცვლილება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებით

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნა დაუშვებელია თუ შესყიდვის ღირებულება 200 000 ლარზე ნაკლებია. ასევე, გარანტიის მაქსიმალური ოდენობა      10%-დან შემცირდა 5%-მდე.

„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2012 წლის 30 აგვისტოდან ცვლილებები განიცადა ხელშეკრულების შესრულების გარანტიასთან დაკავშირებულმა დებულებებმა. კერძოდ,

  • გარანტიის მოთხოვნა დაუშვებელია თუ შესყიდვის ღირებულება 200 000 ლარზე ნაკლებია;
  • გარანტია სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს და მისი ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-მდე ოდენობით;
  • გარანტიის ოდენობა ნახევრდება თუ მიმწოდებელი რეგისტრირებულია თეთრ სიაში;
  • შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გარანტია არ მოითხოვება მიმწოდებელის საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით ან თუ მიმწოდებელი თეთრ სიაშია დარეგისტრირებული.

იხილეთ ცვლილება შემდეგ ბმულზე: http://procurement.gov.ge