სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
29.06.2017
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 2017 - 2018 წლის ზამთრის სეზონისათვის (2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე) საჭირო მცირე ტვირთამწეობის საბურავების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. კონსოლიდირებული ტენდერები გამოცხადდება R12-დან R21-ის ჩათვლით რადიუსის მქონე მცირე ტვირთამწეობის საბურავების შესყიდვაზე.
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით,  გთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის 10 ივლისისა, კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით, სატენდერო კომისიას მიაწოდოთ ინფორმაცია იმ საბურავების შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ ზამთრის სეზონისათვის (01.10.2017 – 01.03.2018 პერიოდისათვის) და რომლებიც განკუთვნილია წლის მოცემულ სეზონზე ექსპლუატაციისათვის.
საბურავების გეგმის წამოდგენისას, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კომისიის რეკომენდაციას საბურავების სეზონურობისა და ექსპლუატაციის პირობების შესახებ და თქვენი მოთხოვნა ჩამოაყალიბოთ მასში მოცემული ინფორმაციის შესაბამისად. რეკომენდაცია ითვალისწინებს შემდეგს: სედანისა და C-ბორტის ტიპის ავტომანქანების შემთხვევაში მიზანშეწონილია მოითხოვოთ მხოლოდ ზამთრის საბურავები, ხოლო ჯიპის ტიპის შემთხვევაში შესაძლებელია მოითხოვოთ ზამთარის, ყველა სეზონის, M+S და სპეციალიზირებული (AT/MT) საბურავები.
გაითვალისწინეთ, რომ მოწოდებული ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტე ძალზედ მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული ტენდერების სწორი დაგეგმვისათვის. ვინაიდან ქარხანა მწარმოებლები 1 აგვიტოსათვის წყვეტენ შეკვეთების მიღებას ზამთრის სეზონის საბურავების დამზადებაზე, შეუძლებელია მათი დაკვეთა და საქართველოში იმპორტი განხორციელდეს ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით. ამრიგად, წარდგენილი გეგმების მაქსიმალური სუზუსტე და მათი შესაბამისობა ფაქტობრივ ათვისებასთან  ძალზედ მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული ტენდერის გამართული ფუნქციონირებისა და  საქონლის ჯამური საორიენტაციო რაოდენობის განსაზღვრისათვის, ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საქონლის შეუფერხებელი მიწოდებისათვის.
წარმოდგენილი გეგმების უხეში შეუსაბამობა ფაქტობრივ ათვისებასთან გამოიწვევს შემსყიდველი ოგანიზაციის პასუხისმგებლობას, რათა მაქსიმალური სიზუსტით იქნეს ათვისებული მოთხოვნილი რაოდენობა ან წარადგენილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება სატენდერო კომისიის წინაშე.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში ctd.spa.ge მოცემული ველები.  
იმ შემთხვევაში, თუ არ გეგმავთ ზამთრის სეზონისათვის საჭირო საბურავების ზემოაღნიშნულ შესყიდვას, არ წარმოადგინოთ არანაირი ინფორმაცია.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ცხელი ხაზი:
+322 248 48 22
ელ-ფოსტა:  tire2017@spa.gov.ge